ირაკლი კობახიძე საზმაუს ყოფილ მინისტრებთან დებატებისთვის ეთერის დათმობას სთხოვს

2 weeks ago 13

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს და ხვალ, 4 დეკემბერს 16:00-ზე დებატებისთვის ეთერის დათმობას ითხოვს.

ირაკლი კოიბახიძეს სურს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დებატებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლები ყოფილ მინისტრებთან: თინა ხიდაშელთან და მიხეილ(პაპუნა) ჯანელიძესთან დაჯდეს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

ამ განცხადებას ფეისბუქზე თანხმობით გამოეხმა მიხეილ ჯანელიძე.

2 დეკემბერს პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის“ არსებობას.

ამის შემდეგ მან „ნებისმიერი ფორმით და ფორმატით“ დისკუსია შესთავაზა მათ, ვინც პროტესტს „გულწრფელად" გამოხატავს და „თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

სრულად წაკითხვა