ირანმა ბირთვული ობიექტების განახლება აქტიურად დაიწყო. ამას ადასტურებს CNN-ის მიერ გავრცელებული თანამგზავრული ფოტომასალა. და ეს ყველაფერი ირანმა ჯერ კიდევ მანამ განახორციელა, სანამ ტრამპთან აქტიური მოლაპარაკებები გაიხსნებოდა. დაუჯერებლად მიამიტურად ჩანდა ზოგიერთი პოლიტიკოსის რწმენა დასავლეთში, რომ ირანი საბოლოოდ უარს იტყოდა ან იტყვის ბირთვულ პროგრამზე. ჩრდილოეთ კორეისაგან ყველა დიქტატორმა ისწავლა – როდესაც აგრესიული და ტირანული რეჟიმია ქვეყანაში, მისი საგარეო უსაფრთხოება დამოკიდებულია ბირთვული იარაღის არსებობაზე და პოტენციური გამოყენების მუქარაზე. ასევე ლიბიისგანაც ისწავლა ყველამ: დათმო კადაფმა ბირთვული პროგრამა და 8 წელიწადში მოკლეს კიდეც იგი. ერაყელ სადამ ჰუსეინისაც ჰქონდა სურვილი ბირთვული პროგრამის ამუშავების 1980-ან წლებში, მაგრამ მაშინ ცუდად დამთავრდა ეს ამბავი.
ცხადია ამ ყველაფრის აღდგენას წლები დასჭირდება, მაგრამ საუბარია არა ათწლეულებზე, არამედ ერთეულ წლებზე, მით უფრო თუკი ჩინეთმა გააგრძელა ირანის მხარდაჭერა.
ამ ვითარებაში, როდესაც რეჟიმი ისევ დგას და მოლაპარაკებებში ძალიან ბევრს ითხოვს რეალისტური დათმობების გარეშე, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა ღიად თუ საიდუმლოდ მაინც გაგრძელდება.
ამიტომ არსებობს კონსენსუსი ამერიკაში აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრეებში, რომ თუკი ახლა თეირანმა ტოტალურად არ დათმო ყველაფერი და არ დაშალა ბირთვული ობიექტები, ორი ვარიანტი შეიქმნება: 1. ან ყოველ ათწლეულში ერთხელ მოუწევს აშშ-ს ან ისრაელს პრევენციული დარტყმების მიყენება ირანულ ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე; 2. ან რამდენიმე წელიწადში ირანს ექნება ბირთვული იარაღი.
არსებობს კიდევ ერთი გზა – დაბომბვების გაგრძელება და ირანის შიდა გამოფიტვა. ამას თანმიმდევრული და ხანგრძლივი ოპერაცია სჭირდება, რომელიც გლობალურ ბაზრებზე როგორც აისახება ვნახეთ. აშშ-ს მთავრობას კი თანმიმდევრული არ ეწოდება. ამასთან, მხოლოდ დაბომბვებით მიზნის მიღწევა რომ ისედაც კოლოსალურად რთულ ამოცანას წარმოადგენს ეს არაერთხელ ვიხილეთ, არაერთ კონფლიქტში ბოლო 100 წლის განმავლობაში.
აშშ-ს მხრიდან პერიოდული დაბომბვები და მერე შეწყვეტები, უფრო ე.წ. “მოქაჩვა-გაშვების” ცნობილ მეთოდს გავს, რომელიც მოლაპარაკებებში გამოიყენება ხოლმე, მაგრამ ირანთან რამდენად ამართლებს – საკითხავია. ადრეც მითქვამს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი ოფიცრების არსებობა და ალტერნატიული, რეჟიმის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ძალის არარსებობა ქვეყანაში (ან მათი ლოკალიზებული არსებობა ხოზესტანსა და ბალუჯისტანში), ძალიან ართულებს რეჟიმის რყევას.
ხანგრძლივ დროში შიდა ქაოსი და რეჟიმის დამხობის ხელშეწყობა შეიძლება იყოს, მაგრამ ჯერჯერობით იანვარში რეჟიმის მთავარი მოწინააღმდეგეები ან დაიხოცნენ ან დააპატიმრეს ან ქვეყნიდან გააქციეს. შესაბამისად, როცა ამის შანსი იყო, ხელიდან იქნა გაშვებული. მომავალში რა იქნება ამის პროგნოზირება შეუძლებელია.
თან კიდევ ერთი პრობლემაა რაზე აშშ-ში ხშირად საუბრობენ ეს დღეები: დავუშვათ ირანმა ფორმალურად განაცხადა დათმობის შესახებ, რეალურად რა იქნება ვინ შეამოწმებს? ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო? ეს ხომ ადრეც ამოწმებდა და ვნახეთ როგორ დააყენეს ის ფაქტის წინაშე და გამდიდრებული ურანი ანახეს.
ამიტომ არის ჩიხი – აშშ-ში არიან გავლენიანი ტიპები, რომლებიც ტრამპს დაბომბვების გაგრძელებისაკენ მოუწოდებენ (მათ შორის, თავდაცვის მდივანი) და არიან პირიქით, ადამიანები, რომლებიც საერთოდ ჩახსნისაკენ, სწრაფი მოლაპარაკებებისა და შემდგომი დისტანცირებისაკენ იხრებიან (მათ შორის, ვიცე პრეზიდენტი). დარტყმები გაგრძელების ფრთაში არის ისრაელიც, რესპუბლიკური პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეების დიდი ნაწილი, რომელთაც ირანის გამარჯვებისა ეშინოდათ. დარტყმების მოწინააღმდეგეები ძველი MAGA ტრამპოსტები არიან, რომლებიც უფრო მეტად იზოლაციონიზმისაკენ იხრებიან და მათთვის ომი პოპულარული არ არის.
ამასთან, ტრამპი პოლიტიკას პერსონალური პრიზმიდანაც აწარმოებს. იმ ფონზე, რომ ბოლო დღეებში მისი სიცოცხლის მოსპობის მუქარა გაჩნდა ირანის შიგნით, რადიკალებში, ეს ტრამპს დარტყმებისაკენ უფრო გადახრის, ვიდრე თავშეკავებისაკენ და ეს ლოგიკურიცაა. სწორედ ამიტომაა შემდგომი პროცესები დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი იდეა და რამდენი ხნით გაიმარჯვებს ტრამპის კარზე და რამდენად თანმიმდევრულად განხორციელდება ის.
ზოგადად რეგიონზე ამ ომის საბოლოო შედეგს ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება. აშშ-ს წარუმატებლობა არამხოლოდ ირანის, არამედ ჩინეთის გამარჯვებაც იქნება. და გრძელვადიანად, თუკი ირანმა მოახერხა ბირთვული იარაღის შექმნა, მერე ბირთვული იარაღი მოუნდება ყველას ახლო აღმოსავლეთში. მინიმუმ ერთი არაბულ სამყაროში და ერთიც თურქეთს, უშუალოდ თავისი.

2 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·