ირანის არმიამ იორდანიასა და ქუვეითს დაარტყა ირანზე იერიშის გაძლიერების საპასუხოდ

1 hour ago 1

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები 18 ივლისს კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანზე ზედიზედ მეშვიდე ღამეს მიიტანა იერიში. ირანის მედიის ცნობით, არის მსხვერპლი.

გაერო შეშფოთებულია კონფლიქტის ესკალაციით.

ამ დროს საწვავის მსოფლიო ბაზარზე გატანისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე კი ფაქტობრივად ჩაკეტილი რჩება.

ირანის არმიის განცხადებით, ამერიკული თავდასხმების საპასუხოდ, მათ იერიში მიიტანეს ქუვეითსა და იორდანიაში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.


ქუვეითმა 18 ივლისს განაცხადა, რომ ირანმა მისი კიდევ ერთი ელექტრო და წყლის სადგური დაბომბა და ირანი
სამოქალაქო და სასიცოცხლო ობიექტების მიზანში ამოღებაში დაადანაშაულა.


ეს ელექტრო და წყლის სადგურზე მეორე თავდასხმაა ბოლო ორი დღის განმავლობაში, პარასკევს პირველმა თავდასხმამ ობიექტზე ხანძარი და დაზიანება გამოიწვია.
ქუვეითის სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ შაბათს ირანის მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა ორ ადგილას ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე მეხანძრე და ერთი მუშა დაშავდა.

„ნავთობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტი დაზარალდა ირანის განმეორებითი სასტიკი თავდასხმების შედეგად, რამაც არაერთი ადამიანის დაშავება და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია“, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო KUNA ქუვეითის ნავთობის კორპორაციის მოხსენიების შესახებ და დასძენს, რომ ობიექტი ევაკუირებულია და დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ქვეყნის ეროვნულმა სატრანსპორტო კომპანიამ განაცხადა, რომ მისი რეისების უმეტესობა გადაიდო, რადგან საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში რაკეტებითა და დრონებით თავდასხმების გამო.
ბაჰრეინის არმიამ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ ირანის თავდასხმების ტალღა მოიგერია, როგორც მანამაში AFP-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სირენების გაშვების შემდეგ აფეთქებების ხმა გაიგო.


„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დარტყმები ჩაშალეს“, - ნათქვამია არმიის განცხადებაში.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამთენიისას საჰაერო თავდასხმის სირენები ხუთჯერ გაისმა, რომლებიც მოსახლეობას თავშესაფრისკენ მოუწოდებდნენ.
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ირანის არმიამ ადრე განაცხადა, რომ მან ბაჰრეინში მდებარე საჰაერო ბაზა, რომელსაც შეერთებული შტატები იყენებს, ამერიკული დარტყმების საპასუხოდ დაბომბა.

ირანის არმიის ცნობით, დრონებმა „თვითმფრინავების თავშესაფრები და ავტოსადგომები, აშშ-ის სამხედროების საწვავის შესანახი ავზები შეიხ ისას საჰაერო ბაზაზე, ასევე ბაჰრეინში რამდენიმე დამაკავშირებელი ხიდი“ დაბომბეს.

გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სულ უფრო ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი, მიუხედავად პოტენციური ომის დანაშაულების შესახებ შეშფოთებისა.


ირანული მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ შაბათს ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ ჯასკში რამდენიმე რაკეტა მოხვდა ელექტროსადგურებსა და წყლის გამტკნარების სადგურის ტუმბოებს. საინფორმაციო სააგენტო „თასნიმი“ იტყობინება, რომ 20 სოფელში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი წყლის გარეშე დარჩა.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში შეშფოთებულია კონფლიქტის ესკალაციით, განსაკუთრებით „ირანსა და მთელ რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით“, - განაცხადა მისმა პრესსპიკერმა პარასკევს.


ირანულმა მედიამ შაბათს დილით ჰორმოზგანის პროვინციაში, ჰორმუზის სრუტეში, დარტყმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა, დაზიანდა ორი ხიდი და საგზაო გვირაბი.


ერთი დღით ადრე, ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ აშშ-მა ქვეყნის სამხრეთში სულ მცირე, ხუთ ხიდს დაარტყა. შვიდი ადამიანი დაიღუპა სამხრეთის ნავსადგურის ბანდარ ხამირის ხიდებზე თავდასხმების შედეგად, სადაც ასევე დაზიანდა რკინიგზის სადგური. აღმოსავლეთით, ირანშაჰრში, აეროპორტი დაბომბეს.


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ინფრასტრუქტურაზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების დაემუქრა და არ გამორიცხა ირანის სანაპიროზე ან კუნძულებზე სახმელეთო იერიში.

სრულად წაკითხვა