ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს „სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით“.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს „განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს“.
„მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა დამატებითი ზომების მიღებაზე შეიძლება იყოს საუბარი, საგარეო უწყება არ აკონკრეტებს.
„ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის ელჩმა საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულება 2026 წლის იანვარში დაიწყო. მას შემდეგ მას რამდენიმე რეზონანსული განცხადება აქვს გაკეთებული, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში იგი პირველად დაიბარეს.
რა დაწერა ალი მოჯანიმ სოციალურ ქსელში
რამდენიმე დღის წინ, 25 სექტემბერს ირანის ელჩმა საქართველოში თავის ფეისბუკის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა ფოტოს თანხლებით. ფოტოზე ის დგას საელჩოს შენობასთან, რომლის ფასადზეც ქეთევან დედოფლის შესახებ მისი პოსტის სქრინია გამოსახული, ქეთევან დედოფლის ფრესკის თანხლებით.
„მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს...
შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“, - დაწერა მან.
„ოცნებისა“ და საპატრიარქოს კრიტიკა
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს შეახსენა, რომ „თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია“.
ამასთან, მან ალი მოჯანს ურჩია, „დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს“.
ელჩის განცხადების მიმართ კრიტიკული იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილიც.
„წიაღსვლები, რომელიც ირანის ელჩს გააჩნია, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მით უმეტეს არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
„ჩვენ ჩვენს წმინდანებს პატივს ვცემთ და მათ ვეთაყვანებით“, - თქვა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა და დარწმუნებით აღნიშნა, რომ „ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას“.
ელჩის განცხადება საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა, დეკანოზმა გიორგი ზვიადაძემ, ისტორიის გადაწერის მცდელობად შეაფასა.
ქეთევან წამებული
წმინდა ქეთევან დედოფალს (მიახლოებით 1560–1624 წწ.) საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია, ის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი. ქეთევან დედოფალი კახეთის მეფის, დავით I-ის ცოლი და თეიმურაზ I-ის დედა იყო.
დედოფალი ქეთევანი 1614 წელს ირანის ლაშქრობების დროს მძევლად წაიყვანეს ირანში. ირანის შაჰის, აბას I-ის მოთხოვნის მიუხედავად, მან უარი განაცხადა ისლამის მიღებაზე, რის გამოც 1624 წელს შაჰის ბრძანებით სასტიკად აწამეს და მოკლეს. მისი მოწამებრივი ცხოვრებისა და წამებით სიკვდილის შესახებ აღწერილია ქართველი და ევროპელი მოგზაურების, ისტორიკოსების, სასულიერო პირების წყაროებში.
ქეთევან დედოფალი საქართველოში რწმენისა და სიმტკიცის სიმბოლოდ მიიჩნევა, მართლმადიდებელი ეკლესია მისი ხსოვნის დღედ 26 სექტემბერს აღნიშნავს.
radiotavisupleba ახალი ამბები