ირანმა 5 სექტემბერს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა აშშ-ის საზღვაო ძალების ორი ხომალდის წინააღმდეგ - იუწყება აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამმართველო (CENTCOM). ამერიკის მხარის განცხადებით, ხომალდებმა შეძლეს რაკეტების არიდება, დაშავებულები და ზარალი არ არის.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭო თავის მხრივ აცხადებს, რომ დატყმის შედეგად ზიანი მიადგა ამერიკულ ხომალდებს, რის შემდეგაც მათ რაიონი დატოვეს. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ ხერხდება.
სამხედრო ხომალდებზე იერიშების შემდეგ ამერიკის ძალებმა დარტყმები მიიტანეს ნავთობის სამ ტანკერზე, რომლებსაც აშშ უკავშირებს ირანის ნავთობის ქსელს, რაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და მისი მოკავშირეების შემოსავლის წყაროა. დარტყმები განხორციელდა ტანკერებზე Downy და Stark I - აშშ-ის განცხადებით, ორივე ტანკერი წყობიდან გამოვიდა. მესამე ტანკერზე - Kylo - დარტყმა განხორციელდა ომანის ყირეში, ეკიპაჟის ევაკუაციის შემდეგ. 6 სექტემბერს CENTCOM-ი აქვეყნებს ტანკერის ჩაძირვის ამსახველ ვიდეოს.
აშშ-ის მხრიდან დარტყმების შემდეგ რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გამოაცხადა ახალი ოპერაციის შესახებ ჰორმუზის სრუტეში. ირანი ამტკიცებს, რომ თავს დაესხა ნავთობის სამ ტანკერს, რომლებიც მოძრაობდა ირანის მიერ "არასანქცირებულად" მიჩნეული მარშრუტებით, ასევე აშშ-სთან დაკავშირებულ სამ ხომალდს. ამ ცნობების დადასტურება არ ხერხდება.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ამერიკის არმია გააგრძელებს დარტყმებს ირანთან დაკავშირებულ ტანკერებზე, თუ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალები ასევე გააგრძელებენ იერიშებს აშშ-ის ხომალდებზე. თეირანი დარტყმების გაძლიერებით იმუქრება.
დარტყმები წარმოადგენს ესკალაციის მორიგ ეტაპს ჰორმუზის სრუტეში. ირანის ძალები ბოლო კვირებში ძირითადად ნავთობის ტანკერებზე და სხვა სავაჭრო ხომალდებზე ახორციელებდნენ იერიშებს, ხოლო აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმები ხდებოდა ძირითადად რეგიონის სახელმწიფოებში, აშშ-ის ბაზებზე.
24 აგვისტოს აშშ-მა დაიწყო ოპერაცია "ეკონომიკურად გარიყული", რომელიც მიემართება ნავთობის ექსპორტიდან ირანის მიერ მიღებული მოგების შემცირებას. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა 60-მდე კომპანიას და ფიზიკურ პირს, რომლებსაც, აშშ-ის შეფასებით, კავშირი აქვთ ირანის ნავთობით ვაჭრობასთან.
radiotavisupleba ახალი ამბები