ირანულ დრონებზე ხოშტარიას საჯაროდ გამოთქმულ ეჭვს პროკურატურამ სახელმწიფოს წინააღმდეგ განცხადებად მიიჩნია

4 hours ago 5

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, რომელიც პროკურატურაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ არის აღძრული, ერთ-ერთ მტკიცებულებად ელენე ხოშტარიას მიერ ირანული დრონების შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაა მიიჩნეული.

პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი ამბობს, რომ ფარულ აუდიოჩანაწერში, რომელიც ზურა ჯაფარიძისა და ხოშტარიას კომუნიკაციას ასახავს, საუბარია, „გაევრცელებინათ ისეთი ტიპის ინფორმაცია, რაც ცალსახად სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო“.

„ფარული აუდიოჩანაწერი და მასში ასახული ინფორმაცია შეეხება შემდეგ გარემოებას, რომ მათ განზრახ უნდა გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ირანული დრონების შესახებ ინფორმაცია და ისეთი ტიპის გარემოებები, რომლებიც შემდგომში დადასტურდა, რომ მათი მხრიდან გავრცელებული იყო. ეს ფაქტია და ცალსახაა, რომ არის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება“, - თქვა პროკურორმა.

ელენე ხოშტარიამ ირანული დრონების რუსეთში, საქართველოს ცის გამოყენებით, მოხვედრის შესახებ ეჭვები 2022 წლის 8 სექტემბერს გამოთქვა:

„ბოლო პე­რი­ოდ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი იწე­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ირა­ნი დრო­ნებს და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას აწ­ვდის რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. ამ აე­როდ­რომს სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო სტა­ტუ­სი აქვს. გა­უ­გე­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლომ რა­ტომ და­უთ­მო თა­ვი­სი სა­ჰა­ე­რო სივ­რცე ასეთ საფრ­თხის შემ­ცველ თვითმფრი­ნავს მა­შინ, რო­დე­საც ეს არ გა­ა­კე­თა აზერ­ბა­ი­ჯან­მა. არ­სე­ბობს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ეჭვი იმი­სა, რომ საქ­მე გვაქვს სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცით გა­და­ტა­ნას­თან“.

ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც საქმეში დევს და ხოშტარიასა და ჯაფარიძეს შორის კომუნიკაციას ასახავს, პროსახელისუფლებო „იმედმა“ 2025 წლის 7 ნოემბერს გაავრცელა.

„ეს დრონები ახლა უკრაინაში იქცა სერიოზულ პრობლემად და ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება საქართველოზე გადაფრენით შევიდა რუსეთში ირანიდან ეს დრონები, ეს იყო მათთვის მნიშვნელოვანი, თვითონ ახსენეს ეს ამბავი. თუ დადასტურდა რომ ასეთი რაღაც არისო, ეს შეიძლება საფუძველი გახდეს კონსენსუსის ევროკავშირის შიგნით რომ სანქციები გამოვიყენოთო“, - ამბობდა ზურა ჯაფარიძე „იმედის“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით.

„იმედის“ ჩანაწერის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, გასული წლის 6 ნოემბერს, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

რას ედავებიან პოლიტიკოსებს

  • უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე „საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტის, „სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ“ და „თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“;
  • ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს სანქციებისთვის აწვდიდნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მონაცემებს - „შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“;
  • ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით“ „დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის“;
  • მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციითა და ვიდეომიმართვებით, რომლებიც ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით, „მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ“.

პოლიტიკოსებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:

  • მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
  • ზურა ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ - საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
  • ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
  • ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.
სრულად წაკითხვა