ირანში დაიწყო ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, სამგლოვიარო და დაკრძალვის ცერემონა. ეს ხდება მისი დაღუპვიდან ოთხ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. ოფიციალური ინფორმაციით, ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველივე დღეს, რამდენიმე თანმხლებ პირთან და ოჯახის წევრთან ერთად დაიღუპა.
ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 3 ივლისის დილით ხამენეის ცხედარი თეირანის მთავარ სალოცავში იმამ ხომენეის მოსალაში გადაასვენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში უცხოური დელეგაციები ისლამური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერისთვის პატივის მისაგებად მივლენ.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, პირველად საჯაროდ, დღეს ჰამენეის კუბოსთან გამოჩნდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მთავარსარდალი აჰმად ვაჰიდი, ის ჩანდა ირანული სახელმწიფო მედიის მიერ 3 ივლისს გავრცელებულ კადრებში.
ირანის ხელისუფლებამ ხამენეის გამოსათხოვარი, სამგლოვიარო მსვლელობა და დაკრძალვის ცერემონია ერთკვირიან პროცესიად დაგეგმა. ოფიციალური პირების განცხადებით, ღონისძიებებში „მილიონობით ადამიანის“ მონაწილეობას მოელიან.
არსებული ინფორმაციით, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, ყოფილი უზენაესი ლიდერის ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ. მას ხუთშაბათს, 9 ივლისს, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, თეირანის შემდეგ მეორე დიდ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.
ალი ხამენეი ირანს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი ბევრი ირანელისთვის ასოცირდებოდა რეპრესიებთან, დაშინებასთან, დაპატიმრებებთან და მკაცრ პოლიტიკურ თუ სოციალურ შეზღუდვებთან.
მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ხამენეის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, ირანის მოსახლეობის ნაწილი ამას სიხარულით შეხვდა. რის გამოც ხელისუფლებამ არაერთი ადამიანი დააკავა, ზოგიერთს მძიმე სასჯელი მიუსაჯა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში სიკვდილით დასჯითაც დაემუქრა.

3 weeks ago
40







English (US) ·
Georgian (GE) ·