WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

16

ნაცმოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა:

,,ირაკლი ღარიბაშვილმა ივანიშვილთან ერთგვარი კონტრაქტი გააფორმა, აღიარა კორუფციული დანაშაული და საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანა მხრიდან, მოსამართლეთა შესასვლელით შევიდა და არა იმ მთავარი კარიდან, რომლითაც ჩვენ, პოლიტიკური პატიმრების სასამართლო პროცესებზე დავდივართ.

თუმცა, როგორც ჩანს, პატრონმა მასთან კონტრაქტი გაწყვიტა: ოჯახი დაუწიოკა, საჯარო განცხადებებისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა შეუზღუდა, მის გარემოცვას კი მასზე აღიარებითი ჩვენებები დააწერინა, მათ შორის, ჯარის ძარცვისა და სხვა დანაშაულების შესახებ.

მაგრამ საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, ვინ იყო ირაკლი ღარიბაშვილი, რა როლი ჰქონდა მას პოლიტიკურ ტერორსა და სახელმწიფო ძალადობაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმე.

ადამიანი ჯერ ციხეში გამოკეტეს, შემდეგ „ჰაკიმ ფაშას“ სახელით ვიდეო გაავრცელეს, ხოლო როდესაც მისგან სასურველი შედეგი ვერ მიიღეს, გაათავისუფლეს.

თუმცა ხანდაზმულმა ადამიანმა ვერ გაუძლო იმ ყველაფერს, რაც გადაიტანა, და საბოლოოდ გარდაიცვალა.

ეს იყო სააკაშვილის წინააღმდეგ ჟვანიას საქმის შეკერვის პირდაპირი მცდელობა, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ადამიანის ღირსების შელახვის ერთ-ერთი უმძიმესი შემთხვევა.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ გლდანის ციხეში განხორციელებული ჯგუფური ძალადობა, შუმოკი და სისტემური ტერორი, რაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ხდებოდა.

რატი ბრეგაძემ მოგვიანებით ეს კადრები საჯაროდ გაავრცელა და პუტინის პროპაგანდისტულ არხებს შესაძლებლობა მისცა, ერთი თვის განმავლობაში ეზეიმათ და ეცინათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დამცირებაზე.

ამ ძალადობაზე დამოუკიდებელი გამოძიების ნაცვლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმეს, ხოლო ლონდა თოლორაია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ის, რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილის თავს ხდება, უკავშირდება „ქართული ოცნების“ კრიმინალურ სალაროს, სავარაუდოდ, იქიდან მითვისებულ თანხებს, შიდა დაპირისპირებასა და ჩრდილოვან გარიგებებს.

ეს არის ოცნების შიგნით ძალაუფლებისთვის დაწყებული ანგარიშსწორება!

არსებობს კონკრეტული დანაშაულები, რომლებზეც ღარიბაშვილმა საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს.

მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში სავარაუდო მოწამვლის გარემოებებზე, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე და იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელთა შედეგებსაც ადამიანები დღემდე იმკიან.

სანამ ირაკლი ღარიბაშვილი პირადად არ დაიწყებს საუბარს და არ იტყვის, ვისგან მოდიოდა კონკრეტული დავალებები, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს და ვინ იყო ამ დანაშაულების ორგანიზატორი, მის განცხადებებს საზოგადოებისთვის სანდოობის ფასი ვერ ექნება.

კი, ივანიშვილის რეპრესიული მანქანა დღეს ღარიბაშვილსაც ანადგურებს, მაგრამ ეს გარემოება მას წარსულ პასუხისმგებლობას არ უხსნის.

თუ ირაკლი ღარიბაშვილს სინანული აქვს, მან საზოგადოებას სიმართლე უნდა უთხრას, დაასახელოს დავალებების გამცემი პირები და ისაუბროს იმ სისტემაზე, რომლის შექმნასა და მოქმედებაშიც თავად მონაწილეობდა.

ამ ყველაფერს უყურებენ ადამიანები, რომლებიც სინდისისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო არიან დატყვევებული.

წარსული პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს ნამდვილი სინანული და არც სამართლიანობის აღდგენა.“