WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11

მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ქადაგებისას აცხადებს:

,,რა თქმა უნდა, ისტორიას თუ გადავხედავთ ვრწმუნდებით იმაში, რომ როდესაც საერო ხელისუფლება იყო მორწმუნე, ეკლესიური და შეთანხმებულად მოქმედებდა ეკლესიასთან ერთად, მაშინ წარმატება იყო. ჩვენ გვქონდა ოქროს ხანა დავითის მიერ დაწყებული და თამარ მეფით დასრულებული. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის. დღეს მცდელობა არის ხელისუფლებისა და ეკლესიის შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირისთვის, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმინდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის ძალიან რთული გასაგებია, ქადაგებ რომ გაჭირვება, სიღარებე დაითმინო, ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ – როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილი. დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება…

ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი იმიტომ, რომ ძირითადად ფინანსდება სახელმწიფოსგან ეკლესია. კარგი, ვთქვათ დაფინანსდეს – იყოს გამჭვირვალე. თითოეულმა თქვენგანმა, მრევლის წევრებმა, უნდა იცოდეთ სად რა იხარჯება თითოეული თეთრი. სად მიდის, რას ხმარდება. მაგრამ ესეც ყველამ არ ვიცით. შეიძლება ზოგიერთმა თქვას გამჭვირვალე არისო, ყველაფერი ჩანსო, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვიცით შიგნით რა ხდება.

ამიტომ, ჩვენ რაღაც-რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა – გასაგებია, გადაირჩია ერმა. მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს: განარკომანდა დიდი ნაწილი ახალგაზრდების, გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და ხელისშეწყობით”.