"ისეთი მორალური შეურაცხყოფა მივიღე, გამინახევრდა სიბერეში დარჩენილი წლები" - 76 წლის დემონსტრანტი გურამ ქუხილავა პოლიციის მოპყრობაზე

6 hours ago 4

ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პროდასავლურ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე, 76 წლის გურამ ქუხილავა ჰყვება, როგორ გადაიყვანეს 3 ნოემბრის საღამოს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც "მორალური შეურაცხყოფა" მიაყენეს.

როგორც აფხაზეთიდან დევნილი კაცი უყვება რადიო თავისუფლებას, 3 ნოემბერს შინ მიმავალი, საღამოს 22:00 საათისთვის პოლიციამ მეტროსადგურ "რუსთაველიდან" ამოიყვანა და ავტომანქანით წაიყვანა ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

"პირველ რიგში, მე საზოგადოებას ვცემ პატივს, ჩემ წინ საზოგადოება დგას, ამიტომ ის ემოციით დეტალები არ უნდა მეთქვა. ისეთი მორალური შეურაცხყოფა მივიღე, თუ მქონდა ექვსი წლის სიცოცხლე, მომაკლდა სამი - გამინახევრეს, რაც სიბერეში დარჩენილი წლები მაქვს. დეტალებს არ ვაკადრებ იმ საზოგადოებას, რომელიც ჯერ კიდევ პატივს სცემს პოლიციის მუნდირს. მე ამ საღამოს ვიქნები რუსთაველზე და იქ გეტყვით სიმართლეს", - უთხრა გურამ ქუხილავამ რადიო თავისუფლებას.

მანამდე, სხვა მედიასაშუალებას მოუყვა, რომ პოლიციამ გაჩხრიკა, რა დროსაც გააშიშვლეს კიდეც. შარვლის ჯიბეში კი აღმოუჩინეს შავი ნაჭერი, რომელიც პოლიციამ დალუქა.

"ჯიბეში მქონდა შავი ნაჭერი, არაა ეგ პირბადე. კარგი ნაჭერია და სამუშაოზე ვხმარობ. ისიც მითხრეს, „სალიარკის სუნი აგდისო“. მე ვუთხარი, ამ ნაჭერს ასდის-მეთქი, იმათმა მითხრეს, ეს ნაჭერი არ არისო, ეს არის ნიღაბიო. დალუქეს ეს ნიღაბი და ჩადეს. მაინც და მაინც ძველი შარვალი მქონდა, იმის ჯიბეში ყოფილა ეს ნაჭერი. რამ ჩამაცვა, იმაში მქონია დარჩენილი და არ მივაქციე მაგას ყურადღება", - ამბობს გურამ ქუხილავა, რომელიც წლებია ავტომობილების პროფილაქტიკაში მუშაობს.

"არავინ არ დამიჯერებს, მე პროფილაქტიკაში ვიყენებ მაგ ნაჭერს, რომ არ შემესხას, თითებს ვუყრი ხოლმე, მერე ვრეცხავ და ვიგდებ ჯიბეში, მაგრამ პოლიციას როგორ დავუმტკიცებ, რომ ნიღაბი არ არის?"

გურამ ქუხილავა ამბობს, რომ არ იცის, რისთვის წაიყვანეს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, რომლის ზუსტი მდებარეობაც არ იცის. მისი ვარაუდით, ეს უნდა ყოფილიყო რომელიმე განყოფილება ორთაჭალაში, ვინაიდან, როდესაც გამოუშვეს და შინ წასასვლელად ტაქსი გამოიძახა, გზად მეტროსადგური "ავლაბარი" შენიშნა.

"რაღაცა დაწერეს, მე ცუდად ვიყავი, კი წამიკითხეს და მოვუწერე ორ ადგილას ხელი, მაგრამ არ ვიცი რა დაწერეს. როცა სიმართლე ჩემს მხარეს არის, არც ადვოკატი მინდა და არც არაფერი, არაფერი სასამართლო არ უხსენებიათ, გამომიშვეს დაახლოებით ღამის პირველის 15 წუთი იქნებოდა.... ნახევარი საათი ტაქსის ვეძებდი, ვიღაც ბიჭებმა მიმასწავლეს ცენტრალური გზა, არ ვიცი სად მიმიყვანეს. მე თბილისელი არ ვარ და კარგა არ ვიცი აქაურობა, ღამით წამიყვანეს და სად მიმიყვანეს, არ ვიცი, მგონი, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორია იყო იმიტომ, რომ ავლაბრის მეტრო დავინახე გზაში... ძაღლს რომ გააგდებ კარიდან, ეგრე გამომაგდეს, სად წავიდოდი, რა შემემთხვეოდა არავინ დაინტერესებულა, - "შენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავთო", - მითხრეს, მაგრად იზრუნეს ჩემს უსაფრთხოებაზე", - ამბობს გურამ ქუხილავა.

მისი ვარაუდით, ვიღაც სხვაში შეეშალათ, ვინაიდან რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე არასოდეს მდგარა.

"ადრე წყლის ჭავლს რომ გვიშენდნენ, მაშინ ყველა ვიდექით ქუჩაში და იმის მერე მე ქუჩაში გადამსვლელი არ ვარ, მე ქუჩას რა ვკეტავ და თუ გადავკეტე, იქ არ დგას პოლიცია? დამიჭიროს იქ".

რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაარკვიოს გურამ ქუხილავას პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაყვანის საფუძველი და მისდამი მოპყრობის საკითხი. პასუხი, მიღების შემთხვევაში, აისახება ტექსტში.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.

ახალი კანონით, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სრულად წაკითხვა