ისრაელი ბაქოს ზეწოლის შემდეგ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე კენჭისყრას აუქმებს – Haaretz

17 hours ago 5

ისრაელის გამოცემა Haaretz-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთის დღის წესრიგიდან სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხზე დაგეგმილი კენჭისყრა მას შემდეგ მოხსნა, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველი ჰიკმეთ ჰაჯიევი მის ოფისს დაუკავშირდა.

გამოცემის ცნობით, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს წინასწარ აცნობეს, რომ საკითხი ქნესეთის დღის წესრიგიდან მოიხსნებოდა. Haaretz-ის წყაროს შეფასებით, გადაწყვეტილება პირადად ნეთანიაჰუმ მიიღო.

გამოცემა წერს, რომ კენჭისყრის ინიციატივას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი უჭერდა მხარს, თუმცა ის საბოლოოდ არ გაიმართა.

Haaretz აღნიშნავს, რომ ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა, ამ საკითხზე მთავრობის გადაწყვეტილებაზე გავლენის ერთ-ერთ ფაქტორად განიხილება.

გამოცემა ასევე წერს, რომ კანონპროექტის თავდაპირველი დამტკიცება ბევრმა ანკარის მიმართ დიპლომატიურ გზავნილად აღიქვა. თურქეთი 2023 წლიდან ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს გენოციდად აფასებს.

ისრაელს დღემდე ოფიციალურად არ უღიარებია სომეხთა გენოციდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ქნესეთში დისკუსიები წლების განმავლობაში არაერთხელ გამართულა.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ივნისის ბოლოს ერთხმად დაუჭირა მხარი სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ კანონპროექტს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა წარადგინა. თუმცა, ინიციატივის კანონად ქცევისთვის აუცილებელი იყო მისი ქნესეტის მიერ დამტკიცებაც.

კანონპროექტის წარდგენის შემდეგ როგორც თურქეთმა, ისე აზერბაიჯანმა საჯაროდ გააკრიტიკეს ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო: „1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება და რთული ისტორიული საკითხის მყარი სამართლებრივი ან სამეცნიერო საფუძვლის გარეშე პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე დაყვანა მიუღებელია. მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას“.

სრულად წაკითხვა