ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური შეტაკება მოხდა

1 month ago 45

ისრაელმა ბოლო დროის ყველაზე ინტენსიური საჰაერო შეტევა განახორციელა ლიბანზე. გაეროს მშვიდობისმყოფელები ლიბანში სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ითხოვენ.

ისრაელის სამხედროებმა19 სექტემბერს განაცხადეს, რომ "ჰეზბოლას" ასობით სარაკეტო გამშვებ სადგურს დაარტყეს, რომლებიც ისრაელისკენ იყო მიმართული. ლიბანის უსაფრთხოების სამსახურებში კი ამბობენ, რომ ეს იყო ისრაელის მხრიდან ყველაზე მძიმე საჰაერო შეტევა გასული ოქტომბრის შემდეგ.

დღეს, 20 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის ქვეშ სამხრეთ ლიბანის მინიმუმ სამი სოფელი აღმოჩნდა. ინფორმაციას ლიბანის უსაფრთხოების წყაროები და "ჰეზბოლას" ტელევიზია "ალ-მანარი" ადასტურებს.

ღაზაში დაწყებული ომით გაჩაღებული კონფლიქტი ამ კვირაში საგრძნობლად გამწვავდა. "ჰეზბოლა" უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა, რომლის დროსაც აფეთქდა მისი წევრების მიერ გამოყენებული პეიჯერები და რაციები. შედეგად, 37 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაიჭრა. რაციების ბატარეებში უაღრესად ფეთქებადი ნაერთი იყო, უთხრა სააგენტო "როიტერსს" ლიბანელმა წყარომ.

გაეროს მშვიდობისმყოფელებმა ლიბანში განაცხადეს, რომ ბოლო 12 საათის განმავლობაში ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა ისრაელ-ლიბანის საზღვარზე.

"შეშფოთებულები ვართ ცისფერი ხაზის გასწვრივ მომატებული ესკალაციის გამო და მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს დაუყონებლივი დეესკალაციისკენ“, - განუცხადა გაეროს სამშვიდობო მისიის სპიკერმა ანდრეა ტენენტიმ სააგენტო "როიტერსს". "ცისფერი ხაზი" გულისხმობს ტერიტორიას, რომელიც ლიბანსა და ისრაელს ყოფს.

სრულად წაკითხვა