ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
აქტივობა მაღალია, საარჩევნო უბნებთან რიგები იყო – ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 66.7% შეადგინა, რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კომისიის მონაცემების თანახმად, ეს არის 9%-იანი ზრდა 2022 წლის არჩევნებთან შედარებით, რა დროსაც, იმავე საათისთვის, ყველა უფლებამოსილი ამომრჩევლის 57.7%-ს ჰქონდა აზრი დაფიქსირებული.
პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის და მისი პარტია „ლიკუდისთვის“ ეს საკმაოდ მნიშვნელოვან არჩევნებად ითვლება. ისრაელში ეს ქნესეთის (პარლამენტის) პირველი არჩევნებია 2023 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, რასაც ღაზის სექტორში ომი მოჰყვა.
ნეთანიაჰუს მთავარი კონკურენტია პარტია „იაშარი“, რომლის ლიდერიც ისრაელის არმიის გენშტაბის ყოფილი უფროსი გადი აიზენკოტია.
ისრაელის პარლამენტში 120 ადგილია და ქვეყნის დაარსების დღიდან არცერთ პარტიას არასდროს მოუპოვებია აბსოლუტური უმრავლესობა. (უმრავლესობის მოსაპოვებლად 61 მანდატია საჭირო).
საარჩევნო ბარიერი, რომელიც პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად უნდა გადალახოს 3.25%-ია.
NBC წერს, რომ ერთი მანდატი დაახლოებით 37 000 ხმას შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერის გადასალახად პარტიას მინიმუმ 150 000-მდე ხმა სჭირდება.
როგორც BBC წერს, სამშაბათს დილით ბევრმა წამყვანმა პარტიამ გამოთქვა პრეტენზია ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე არსებულ შესაძლო დარღვევებზე, თუმცა ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ საარჩევნო ბიულეტენების სისტემატური გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
კენჭისყრა 22:00 საათზე უნდა დასრულდეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაშინვე გახდეს ცნობილი ვინ იქნება მომდევნო პრემიერ-მინისტრი.
ფოტო: Baz Ratner / AP
netgazeti