WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე თბილისის მერიამ წარმოება დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად იურისტმა, ყოფილმა დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.

დოკუმენტაციაში დამკვეთად მითითებულია ომერ ქირაჩ, რომელიც თურქი ბიზნესმენი, „შპს რიყე დომ-ის“ დირექტორია. რიყის დოქები სწორედ ამ შპს-ს საკუთრებაში იყო.

მიწის ფართობი ჯამში 14,591 კვ.მ-ია, კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობად კი მითითებულია – 67,761 კვ.მ. ეს არ ნიშნავს, რომ შენობა არ შეიძლება უფრო დიდი ფართობის იყოს – ეს დეტალი შემდეგ ეტაპზე გაირკვევა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით.

„წარმოდგენილი გრგ-ს დავალების მიხედვით, გვსურს ტერიტორიაზე სრულად გავრცელდეს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2“ – წერია დოკუმენტაციაში.

ერთი ფაილის გარდა, სხვა დოკუმენტები ან კვლევა, ამ ეტაპზე წარდგენილი არაა.

„ამ ეტაპზე „ინვესტორი“ შესაბამისი დოკუმენტაციისა და კვლევების წარდგენის გარეშე ითხოვს 67,761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობას, რაც მიწის ნაკვეთისთვის მოთხოვნილი ფუნქციური ზონის (სსზ-2) გათვალისწინებით დაახლოებით 10 სართულიან შენობას ნიშნავს, სადაც ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, უკვე ცნობილია, რომ სასტუმრო განთავსდება, რაც აქ კაზინოს, რესტორნების და სხვა თანმდევი პროფილის დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობასაც ნიშნავს“, – წერს ირაკლი აბესაძე.

აბესაძის აზრით, „რიყის დოქების“ ტერიტორიის შემდგომი განვითარება მხოლოდ რიყის პარკთან მისი გაერთიანება შეიძლება იყოს.

„მერიამ სულ მინიმუმ უნდა უზრუნველყოს „ინვესტორის“ წინადადების რეალური და არა ფორმალური საჯარო განხილვა და ყველა მიმართულების სპეციალისტების ფართო ჩართულობა“, – წერს ირაკლი აბესაძე.

მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო მონტაჟიც:

რაც შეეხება განკარგულებას, დოკუმენტის თანახმად, რიყის დოქების ტერიტორიაზე სასტუმროს პროექტის განვითარებაა შესაძლებელი. 2026 წლის 6 მაისით დათარიღებულ განკარგულებაში წერია:

„საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების განვითარება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას (რაც
შესაძლოა, მოიცავდეს სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილი წესით), შესაბამისი შენობა- ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), ასევე სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას).


ამჟამად რიყის დოქების დემონტაჟი მიმდინარეობს. შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიამ რამდენიმე თვის წინ გასცა. მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანების თანახმად, რიყის დოქების დემონტაჟი 25 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.

„რიყის დოქები“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აშენდა და წლები უფუნქციო იყო სახელმწიფომ 2022 წელს, მეექვსე ცდაზე, 10 020 000 ლარად გაყიდა.

იხილეთ:

ფოტო: ნეტგაზეთი.