WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ტატო გრიგალაშვილმა ქართული ძიუდოს ისტორიაში კიდევ ერთი განსაკუთრებული შედეგი დააფიქსირა – 26 წლის ქართველი სპორტსმენი ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ფინალში მასპინძელი აზერბაიჯანის წარმომადგენელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა. დაძაბული შეხვედრის ბედი დამატებით დროში გადაწყდა – ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარი მოიპოვა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი პირველად 2022 წელს გახდა, შემდეგ კი ტიტული 2023 და 2024 წლებშიც დაიცვა. ბაქოში მოპოვებული ოქრო მისთვის უკვე მეოთხე მსოფლიო ჩემპიონობაა – 2022, 2023, 2024 და 2026 წლებში. ამ შედეგით გრიგალაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ მოიპოვა.

ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გრიგალაშვილმა ფინალამდე ოთხი შეხვედრა ჩაატარა. მან ჯერ არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი დაამარცხა, შემდეგ შვეიცარიელ, სლოვენიელ და სერბ მეტოქეებს სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.

განსაკუთრებულია გრიგალაშვილის ფინალების სტატისტიკაც – ბაქოში მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იჭიდავა.

საქართველოს ნაკრების მესამე მედალი ბაქოში

ტატო გრიგალაშვილის ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე მესამე ჯილდოა.

ტურნირის პირველ დღეს, 4 ოქტომბერს, გიორგი სარდალაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 6 ოქტომბერს კი ეთერ ლიპარტელიანი 57 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა – ქართველმა ძიუდოისტმა ფინალური ორთაბრძოლა იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ამრიგად, ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ტატო გრიგალაშვილის ოქრო, ეთერ ლიპარტელიანის ვერცხლი და გიორგი სარდალაშვილის ბრინჯაო.

მსოფლიო ჩემპიონატი ბაქოში 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ნუცა ყაველაშვილი