ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
იუნესკომ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება ნიუ-დელიში (ინდოეთი) გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს.
„იუნესკოს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა.
კულტურის სამინისტროს ცნობით, განაცხადი იუნესკოში 2024 წლის 28 მარტს გაკეთდა და ქართულმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.
ქართულ ხორბალს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს: საქართველოში აღმოჩენილი უძველესი მარცვლები ძვ. წ. VI–IV ათასწლეულებით თარიღდება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან ხუთის სამშობლო საქართველოა. სულ საქართველოში ხორბლის 14 სახეობა იზრდება, რომლებიც 150 ჯიშს მოიცავს.
ნინო ხოშტარია

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·