„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელიც 30 ივლისს გაიმართა, უფლებამოსილი არ იყო, ვინაიდან კვორუმი არ არსებობდა.
მოქმედი თავმჯდომარის ბრალდებებს უარყოფენ პარტიის გენერალური მდივანი და სხვა წერვები და აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა პროცედურების დაცვით ჩატარდა.
რას ამბობს თინა ბოკუჩავა?
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელიც 30 ივლისს გაიმართა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტიის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც დროებით მმართველობით ორგანოს აირჩევენ.
თავად ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს სხდომას არ ესწრებოდა იმ მიზეზით, რომ ის ოჯახთან ერთად აჭარაში იმყოფება. მისი თქმით, აღნიშნული წინასწარ ცნობილი იყო პოლიტსაბჭოს სხდომის ორგანიზატორებისთვისაც.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, პოლიტსაბჭოს სხდომას არც მისი მოადგილეები ესწრებოდნენ.
ამის შესახებ ბოკუჩავამ პირველ აგვისტოს „ტვ პირველთან“ ისაუბრა.
„ყრილობის ჩატარებამდე მე ვასრულებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას. პოლიტიტსაბჭოს სხდომაზე არ იმყოფებოდა თავმჯდომარის არც ერთი მოადგილე, არ იმყოფებოდნენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ლიდერები. მეტიც, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ჩემი ინფორმაციით, გუშინდელ სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო საერთოდ უფლებამოსილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო შედგება 130 ადამიანისგან. იმისთვის, რომ იყოს კვორუმი, სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, მათ შორის, ყრილობის თარიღის ჩასანიშნად, შესაბამისი დელეგატების განსასაზღვრად და ყველა იმ პროცედურის დასადგენად, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ყრილობა ყველა წესით და კანონის დაცვით იყოს მოწვეული.
რაოდენ ტექნიკურს არ უნდა არქმევდეს ესა თუ ის პირი ყრილობას, ამ ყრილობის შედეგი შემდგომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს. ის რომ გაფორმდეს, უნდა იყოს ლეგიტიმური და თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აყენებს პარტიას“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
ბოკუჩავას თქმით, მან ენმ-ის გენერალუ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს სთხოვა, რომ მისთვის სხდომის ოქმი და ხელმოწერები გადაეგზავნა, რაზეც მან უარი მიიღო.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება, არ შეიძლება, რომ პარტიის თავზე დამოკლეს მახვილივით ეკიდოს კანონის დარღვევით ჩატარებული სხდომა.
„ჩემთვის კვორუმით მანიპულირება და პოსტფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოს კვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არ მყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ“ მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წელია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას თქმით, ყრილობის დაჩქარებულად ჩატარების დავალება მიხეილ სააკაშვილისგან მოდის.
„სავარაუდოდ, პეტრე ცისკარიშვილმა მიიღო დავალება პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო ყრილობა, იმისთვის, რომ ის ცვლილებები განხორციელდეს, რაც მას აქვს დასახული. ეს მისი გადასაწყვეტია. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის მიშას პარტია, ყოველთვის იყო მიშას პარტია და ყოველთვის იქნება მიშას პარტია. ამიტომ მას აქვს სრული ლეგიტიმური უფლება, რომ ის ცვლილებები გაატაროს, რაც მას სურს, მაგრამ ამ შემთხვევაში მან თუ გასცა ასეთი დავალება და ბრძანება, რომ ჩაინიშნოს ყრილობა, როგორც მინიმუმ, იმის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მთავარ პასუხისმგებელ პირს, რომ წესის, რიგის და კანონის დაცვით მომხდარიყო ეს და არა გაყალბებული ხელმოწერების ხარჯზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობა“
თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მან ბოკუჩავას ბრალდებები „თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკ მცდელობად“ შეაფასა.
„ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე.
როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა, ან პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოს სხდომის ქვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. სამწუხაროა.
ძალიან არ მინდა უფრო მეტის თქმა და ნუ მაიძულებთ. თორემ ესეც შეგვიძლია. ღირსეულად უნდა შეგეძლოს პოლიტიკოსს წასვლაც“, – დაწერა წითლიძემ სოციალურ ქსელში.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, არასწორია ის ინფორმაცია, რაზე თინა ბოკუჩავა საუბრობს.
„ჩვენს პოლიტსაბჭოში არა 130, არამედ 119 ადამიანია, შესაბამისად, კვორუმი იყო და რა თქმა უნდა, უფლებამოსილია პოლიტსაბჭოს გასული სხდომა, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები.
მაგის [თინა ბოკუჩავას] ჩამოსვლასთან დაკავშირებით გადავდეთ თვითონ ყრილობა, მას უნდოდა, რომ ყრილობას დასწრებოდა. ყრილობა, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა ჩაგვეტარებინა, გადავდეთ, რომ ეგ ქალაქში ყოფილიყო. ახლა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ წესი და კანონი გვავალდებულებს, ყრილობის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართოს და, შესაბამისად, ეს პოლიტსაბჭო იყო წინამოსამზადებელი სხდომა ყრილობისთვის, რომელიც დავუმიზნეთ ქალბატონი თინას თბილისში ყოფნას.
ქალაქგარეთ რომ არის, ყველა ქალაქგარეთიდან ჩამოვიდა, ნახევარი პოლიტსაბჭო ხომ, ბოლობოლო? ჩვენ 8 ივლისს რომ გაგვივიდა ვადა, ვგეგმავდით იქიდან მოყოლებული ყრილობას, ივლისის ბოლო უწევდა.
მართალია, დაგვირეკა და გვითხრა, 3 აგვისტომდე ქალაქში არ ვარ, იქნებ ისე გავაკეთოთო, რომ 4-5 აგვისტოდან ჩატარდეს ყრილობაო, დავეთანხმეთ და გადავწიეთ და დაველოდეთ. ამ ყრილობას რომ პოლიტსაბჭოს ჩატარება უწევს, არ არის ჩვენი ბრალი“ – განაცხადა ცისკარიშვილმა „ტვ პირველთან“.
ჟუნრალისტის კითხვაზე, გაემინჯნა თუ არა თინა ბოკუჩავა პარტიას, ცისკარიშვილმა უპასუხა:
„არამგონია, ჰკითხეთ თავად, თუ გაემიჯნა“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მე-13 ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის ყრილობას იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ არსებული კითხვის ნიშნები მოიხსნება. ბოკუჩავას თქმით, ვერანაირ სიყალბეში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

13 hours ago
7







English (US) ·
Georgian (GE) ·