რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ტურისტული კომპანია (РЖД Тур) სომხეთსა და საქართველოს შორის 3-დღიან სარკინიგზო კრუიზს იწყებს.
კომპანიის ცნობით, პირველი რეისი, სახელწოდებით „კავკასიის ორი გული“, 30 ოქტომბერს შესრულდება.
მარშრუტია ერევანი-თბილისი-ერევანი.
„РЖД Тур“-ის ვებგვერდზე ტურის მინიმალური ღირებულება ერთ ადამიანზე 63 ათასი რუბლია (დაახლოებით 741 დოლარი).
ტურისტები ღამეს მატარებელში გაატარებენ, დღის განმავლობაში კი ერევანს, თბილისს, მცხეთას, გარნისა და გეღარდს დაათვალიერებენ.
- პროგრამის მიხედვით, პირველ დღეს დაგეგმილია ერევნის ღირსშესანიშნაობებისა და კონიაკის ქარხნის მონახულება.
- მეორე დღეს ტურისტები თბილისში ჩამოვლენ, ქალაქის დათვალიერების შემდეგ კი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში, სვეტიცხოველსა და სამთავროში გაემგზავრებიან.
- მესამე დღეს პროგრამა კვლავ სომხეთში გაგრძელდება, გარნისა და გეღარდის მონახულებით.
ფასში შედის ერევანი-თბილისი-ერევნის მარშრუტზე მგზავრობა, კვება, ტრანსპორტი, ექსკურსიები და პროგრამით გათვალისწინებული ობიექტების ბილეთები. ერევნამდე ჩასვლა და იქიდან გამგზავრება ტურისტებმა დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყონ.
„РЖД Тур“ და „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“
„РЖД Тур“ 2005 წელს რუსეთის რკინიგზის ჰოლდინგის შემადგენლობაში შეიქმნა. თავდაპირველად კომპანია ძირითადად ჩარტერული სარკინიგზო გადაყვანებითა და სპეციალური ღონისძიებების ორგანიზებით იყო დაკავებული, 2011 წლიდან კი „მასობრივ ტურისტულ ბაზარზე“ გავიდა. კომპანია სპეციალურ ტურისტულ მატარებლებსა და სარკინიგზო ტურებს აორგანიზებს.
რუსეთის რკინიგზას მნიშვნელოვანი როლი აქვს სომხეთის სარკინიგზო სისტემაში. კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ რუსეთის რკინიგზის 100%-იანი შვილობილი კომპანიაა და 2008 წლიდან სომხეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას კონცესიის საფუძველზე მართავს.
რუსეთის რკინიგზასა და სომხეთის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება 30-წლიანია, კიდევ 10 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. თავად სარკინიგზო აქტივები სომხეთის სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება.
სომხეთის სარკინიგზო ქსელის რუსული მართვა ბოლო პერიოდში ერევანსა და მოსკოვს შორის აქტიური განხილვის თემა გახდა. 2025 წლის დეკემბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთს სთხოვა, დაჩქარებულად აღედგინა სარკინიგზო მონაკვეთები, რომლებიც სომხეთს თურქეთსა და აზერბაიჯანთან აკავშირებს.
2026 წლის მაისში ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის მხარე სამუშაოებს არ შეასრულებდა, სომხეთი ამ მონაკვეთების აღდგენას საკუთარი ძალებით დაიწყებდა.
აგვისტოში ფაშინიანმა თქვა, რომ საერთაშორისო გადამზიდავები და ინვესტორები სომხეთის რკინიგზის რუსული მართვის გამო სანქციებთან დაკავშირებულ რისკებს ხედავენ. მან მოსკოვს მოუწოდა, განიხილოს კონცესიის უფლების სომხეთისა და რუსეთისთვის მისაღებ მესამე ქვეყანაზე გადაცემა.
აგვისტოს ბოლოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მხარე მზად არის განიხილოს თურქეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ მიმავალი სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენა და პროექტში ინვესტირება.
radiotavisupleba ახალი ამბები