სააგენტო "პარალელი"
კავკასიური ტრიტონი (Ommatotriton ophryticus)
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად გაიცანით კავკასიური ტრიტონი (Ommatotriton ophryticus):
იცით, თუ არა, რომ კავკასიური ტრიტონი (Ommatotriton ophryticus) საქართველოში გავრცელებული კუდიანი ამფიბიების ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც ადამიანისთვის სრულიად უვნებელია?
ეს პატარა, 12-18 სანტიმეტრის სიგრძის ამფიბია გამოირჩევა გვერდებზე არსებული ვერცხლისფერი ზოლით, ლაქებისგან თავისუფალი კაშკაშა ყვითელი ან ნარინჯისფერი მუცლით.
კავკასიური ტრიტონი განსაკუთრებით ფართოდ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული: შავი ზღვის სანაპიროდან დაწყებული, მთის ტყეებითა და სუბალპური ზონით დამთავრებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით იშვიათად, ფრაგმენტულად გვხვდება. იგი უპირატესობას ანიჭებს ტყის პატარა ტბებს, მცირე გუბეებს, ნელა მოძრავ წყლებს და ბინადრობს მხოლოდ ისეთ წყალსატევებში, სადაც თევზები არ არიან, რადგან თევზი მისი კვერცხებისა და ლარვების მთავარი მტერია.
მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის შხამიანი, ბუნებაში შეხვედრისას მისი ხელში აყვანა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამფიბიების კანი უკიდურესად მგრძნობიარეა და ადამიანის ხელზე არსებულმა ნივთიერებებმა შეიძლება დააზიანოს.
paraleli.ge ახალი ამბები