კაია კალასი: ევროპის უსაფრთხოების ინტერესშია, რომ რუსეთის ჯარი არ იმყოფებოდეს საქართველოსა და მოლდოვაში

3 hours ago 5

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების ინტერესშია, რომ რუსეთის ჯარი არ იმყოფებოდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველო და მოლდოვაა. მან ეს განცხადება იმ დათმობებზე საუბრისას გააკეთა, რომლებსაც ბრიუსელი მოსკოვისგან მოითხოვს უკრაინაში ომის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში.

„თუ ვიფიქრებთ რუსეთის ჯარის ყოფნაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ეს ევროპის უსაფრთხოების ინტერესშიცაა, რომ ეს ჯარი იქ არ იმყოფებოდეს და არ ერეოდეს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში“, – განაცხადა კალასმა 28 მაისს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

„ეს მაქსიმალისტური მიდგომაა“, – დასძინა მან, „მაგრამ ასეთივეა რუსეთის მიდგომაც, რომელსაც მაქსიმალისტური პრეტენზიები აქვს“.

კალასის განცხადებას წინ უძღოდა რადიო თავისუფლების მიერ თებერვალში გავრცელებული ინფორმაცია ევროკავშირის ახალი სადისკუსიო დოკუმენტის შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს დათმობებზე წასვლას ეხება და შეიცავს მოთხოვნას, რომ უკრაინაში ომის დასრულების ფართო შეთანხმების ფარგლებში, მოსკოვმა მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. 

რუსული ჯარები ათწლეულების განმავლობაშია საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე დნესტრისპირეთში, სომხეთსა და ბელარუსშია განთავსებული.

როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით კალასის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან განაცხადა, რომ არ სურს „იდიოტური განცხადებების“ განხილვა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა