თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე დაიწყო საახალწლო სამზადისთვის საჭირო სამუშაოები, დაიდგა მთავარი ნაძვის ხე და დასახელდა დედაქალაქის საახალწლო სლოგანი: „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“.
„მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გამარჯვებების სიხარულით, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა მოუტანეს საქართველოს და ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ ვნახეთ სახალხო ზეიმი თბილისის ქუჩებში – ჩვენი ფეხბურთელების, ჩვენი ოლიმპიელების, პარაოლიმპიელების გამარჯვებები, UFC -ის ორი ჩემპიონი, სპორტის სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული ისტორიული შედეგები. წარმატებები გვქონდა არა მხოლოდ სპორტში, სულ ახლახან, მაგალითად, პატარა ანდრია ფუტკარაძემ გაახარა საქართველო და მოუტანა მას საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან მაგარია“, - განაცხადა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვაში:
„ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება- „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით“.
კახა კალაძის თქმით, თბილისი იქნება გამორჩეული საახალწლოდ მორთული ქალაქი, რომლის სანახავადაც უცხოელი ტურისტებიც მივლენ და რეგიონებში მცხოვრები ადამიანებიც.
„ჩვენს პატარებს ისევ ექნებათ შესაძლებლობა, იზეიმონ და ბედნიერები შეხვდნენ ახალ წელს. თქვენ წარმოიდგინეთ, საომარი მოქმედებების დროსაც კი დგამენ ნაძვის ხეს და უქმნიან პატარებს საახალწლო განწყობას. არანაირი კითხვის ნიშანი არ შეიძლება დაისვას მშვიდობაზე და ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ კი ყველამ ერთად უნდა ვუსურვოთ გამარჯვებები ამ ქალაქს და ამ ქვეყანას, რადგან საერთო გამარჯვების გარეშე წარმატება შეუძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.