„თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერიამ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, თუმცა ამბობს, რომ თავად განცხადების დაწერას არ აპირებს.
ნინია მაჭარაშვილი ამბობს, რომ დღეს, 2 დეკემბერს დაიბარეს თბილისის მერიაში.
კერძოდ, მაჭარაშვილის ცნობით, ის დაიბარა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.
„მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება“ აერთიანებს თბილისის მედიათეკებს. ორგანიზაციული ფორმით, ეს ორგანიზაცია თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია.
მაჭარაშვილი ამბობს, რომ ირაკლი გვილამა მოსთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ორი მოტივით:
„დასახელდა მოტივი, რომ ჩვენი დამოკიდებულებები (ჩემი და მერიის) მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ ემთხვევა ერთმანეთს; დასახელდა ისიც, რომ კახა კალაძეს ჩემ მიმართ პირადი გაღიზიანება აქვს“, - ამბობს მაჭარაშვილი.
„ცხადია, ეს პოლიტიკური მოტივია. ცხადია, მერიაში გადაწყვეტილების მიმღები პირები გაღიზიანებული არიან „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების“ თანამშრომლების საჯარო პროტესტით, რომელიც ორი დღის წინ გავავრცელეთ“, - მიიჩნევს მაჭარაშვილი.
გაერთიანების 246-მა თანამშრომელმა საჯაროდ გააპროტესტა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებასთან დაკავშირებით და ამაზე პასუხად თბილისში საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეთა დარბევა.
„არ ვგეგმავ გათავისუფლებაზე განცხადების დაწერას და მზად ვარ ჩემი უფლებების დასაცავად. მსურს, ჩემი ეს გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა ადამიანებისთვის მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს“, - ამბობს მედიათეკების ხელმძღვანელი.
„აქვე აღვნიშნავ, რომ თუ განცხადებას საკუთარი ნებით დავწერდი, მაშინ აღარ მომთხოვდნენ აღნიშნულ განცხადებაზე ხელმომწერთა სიას, რომლის გაზიარებაზეც თავიდანვე უარი ვუთხარი, რათა ისინიც არ აღმოჩენილიყვნენ ზეწოლის ქვეშ და სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ არცერთი პოზიცია, არცერთი სამსახური არ ღირს საკუთარი სინდისის ღალატად. მტკიცედ მჯერა იმ განცხადების შინაარსისა, რომელიც ორი დღის წინ ჩემი ინიციატივით გამოქვეყნდა. მადლობას ვუხდი ბიბლიოთეკარებს სწორი პოზიციისთვის, მხარდაჭერისთვის, მათ მიერ გაწეული შრომისა და საბიბლიოთეკო საქმეში მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობისთვის“, - ამბობს ნინია მაჭარაშვილი.
წინა დღით, 1 დეკემბერს, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა მერიის თანამშრომლების ნაწილის განცხადებას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან და თქვა, რომ წინა კვირას მერიაში რეორგანიზაცია გამოაცხადა, ეს განცხადება კი „კარგი თვითლუსტრაციაა".
„მუქარად და დაშინების მცდელობად აღვიქვით“, - ასე უპასუხა თბილისის მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ თბილისის მერს, კახა კალაძეს .
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.