ძალაში შევიდა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმების მქონე დამსაქმებლებისთვის ერთჯერად შეღავათს ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს ჯამში 43 მილიონი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული. ისინი ჯარიმისგან გათავისუფლდებიან, თუ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად დაფარავენ საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ საურავებს.
შეღავათი შეეხება 2025 წლის 1-ელი მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და ამ დრომდე გადაუხდელ ადმინისტრაციულ ჯარიმებს. უკვე გადახდილ ჯარიმებზე შეღავათი არ ვრცელდება.
რა უნდა გააკეთოს დამსაქმებელმა
ჯარიმისგან გასათავისუფლებლად დამატებითი განცხადების ან რაიმე სპეციალური მიმართვის წარდგენა საჭირო არ არის – შეღავათი ავტომატურად გავრცელდება იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც კანონით განსაზღვრულ პირობებს დააკმაყოფილებენ. მთავარი პირობაა, რომ მათ 2026 წლის 31 დეკემბრამდე სრულად შეასრულონ საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულება.
ამასთან, მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროებითი შეჩერება საპენსიო შენატანზე საურავის დარიცხვას არ აჩერებს.
რა იცვლება 15 ოქტომბრიდან
კანონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ამ თარიღიდან საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 500 ლარისა (პირველი დარღვევის შემთხვევაში). ახალი კანონი მცირე, 1 ლარამდე ყოველთვიურ შეუსაბამობებს ცალკე დარღვევად არ მიიჩნევს.
დამსაქმებელს ჯარიმის თავიდან აცილების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება: თუ იგი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ საურავს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.
საქმეების აღსრულებაც დროებით შეჩერდება
კანონი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისა და აღსრულების პროცედურების 2026 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას.
ამ პერიოდში შესაბამისი საქმეების აღსრულება დროებით შეჩერდება. აღსრულების ეროვნული ბიურო ასეთ საქმეებს აღარ აღასრულებს, ხოლო საპენსიო ფონდი მიღებულ გადაწყვეტილებებს აღსრულებისთვის არ გადაგზავნის.
დამსაქმებლებისთვის ეს პერიოდი შესაძლებლობაა, რომ არსებული ფინანსური ვალდებულებები განსაზღვრულ ვადაში სრულად შეასრულონ და კანონით გათვალისწინებული შეღავათით ისარგებლონ.
როგორ უნდა შეამოწმოთ ვალდებულება
დამსაქმებელს საპენსიო შენატანის, დარიცხული საურავისა და გადასახდელი თანხის შესახებ ინფორმაციის ნახვა საქართველოს საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში შეუძლია.
2026 წლის 15 ოქტომბრიდან ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ საქართველოს საპენსიო ფონდის ცხელ ხაზზე – 14 80.
nostal.ge ახალი ამბები