„სარკე“, ლევან თედიაშვილი
1789 წლის მაისში წყნარ ოკეანეში გამოჩნდა დაახლოებით 7 მეტრის სიგრძის ნავი, რომელშიც რამდენიმე სახეშეშლილი და ღონემიხდილი კაცი იმყოფებოდა. როგორც აღმოჩნდა, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში შეუჩერებლივ ასხამდნენ წყალს ნავიდან და ძლიერ ქარს შეძლებისდაგვარად უმკლავდებოდნენ.
ნავი საშინელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ მის მგზავრებს წინ ჯერ კიდევ 5-ათას კილომეტრიანი მათთვის სრულიად უცნობი გზა ჰქონდათ გასავლელი, რომელიც ნაოსნობისათვის სახიფათო მარჯნის რიფებზე გადიოდა.
როგორ აღმოჩნდნენ ისინი ნავში?
გემზე, რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ, ამბოხება მოხდა, რაც დაახლოებით კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა. აღნიშნული გემი ცნობილი „ბაუნტი” გახლდათ, რომელიც 1784 წელს ინგლისში აიგო. 1787 წელს კი ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის საკუთრებაში გადავიდა.
ერთი კვირის შემდეგ აჯანყებულებმა დამარცხებულები მაშველ ნავში გადასხეს. მათ გზად აბორიგენები დაესხნენ თავს და რამდენიმე მათგანი მოკლეს. საშინელი შტორმის გადატანაც მოუხდათ და ძლივს გაექცნენ კიდევ ერთხელ კანოეთი დადევნებულ მაშინდელ კანიბალის კუნძულებზე მცხოვრებ აბორიგენებს.
რამ წამოიყვანა ეს მამაკაცები ინგლისიდან ასე შორს, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ამ შორეული და სახიფათო მიწებისაკენ? ამგვარი რისკის მიზეზი ნანატრი პურის ხე გახლდათ.
215-ტონიანი ბრიტანეთის სამხედრო გემი „ბაუნტი” კაპიტან უილიამ ბლაის მეთაურობით ინგლისიდან ტაიტის მიმართულებით გაემგზავრა. მოგზაურები დანიშნულების ადგილას მშვიდობით ჩავიდნენ. ტაიტიზე ხუთთვიანი ყოფნის და მიცემული დავალების შესრულების შემდეგ, 1789 წლის 4 აპრილს საკმაოდ უჩვეულო “მგზავრებით” – დაახლოებით ათასი პურის ხის ნერგით – დატვირთული გემი უკვე ინგლისისკენ გაემართა.
პურის ხე ულამაზესი მარადმწვანე მცენარეა, ის 12 მეტრამდე იზრდება. როდესაც ქოთნებში სათითაოდ ჩარგულ ამ ნერგებს კარიბის კუნძულებზე, ბრიტანეთის კოლონიაში ახალ სამშობლოს მიუჩენდნენ, მათ მიერ გამოღებულ “ოქროს ნაყოფს” მთლიანად შეეძლო ექსპედიციის ხარჯების დაფარვა.
ბრიტანეთის მთავრობას, რომელიც იმ დროს შაქრის ლერწმის პლანტაციებში მომუშავე მონებისათვის ახალ საკვებს ეძებდა, ჯოზეფ ბენკსმა პურის ხეების შემოტანა შესთავაზა. მთავრობამ ამ წინადადებას მაშინვე დაუჭირა მხარი.
ჯოზეფ ბენკსმა, რომელიც ლონდონთან ახლოს არსებულ სამეფო ბოტანიკურ ბაღ კიუ-გარდენში კონსულტანტად მუშაობდა, ადრე კაპიტან ჯეიმს კუკთან ერთად წყნარი ოკეანის რეგიონში კვლევით ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. ორივემ, ბენკსმაც და კუკმაც, წინასწარ განჭვრიტეს პურის ხის უდიდესი პოტენციალი. ბენკსის მტკიცებით, მათ თავიდანვე ჰქონდათ განზრახული პურის ხის ნერგის წამოღება, მაგრამ ამისათვის არც შესაფერისი პირობები გააჩნდათ და არც საშუალება.
მართალია, ბენკსი თან არ ახლდა ბლაის, მაგრამ სწორედ მან შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა მოევლოთ გემზე მცენარეებისათვის შორეული მოგზაურობის დროს. მისი მტკიცებით, ნერგების მორწყვა განსაკუთრებით დიდ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვდა, მათთვის სასმელად ვარგისი წყალი უნდა დაესხათ, სხვაგვარად ნერგები დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწევდნენ.
1789 წლის 28 აპრილს ტონგის სანაპიროსთან ახლოს ფლეტჩერ კრისტიანი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად გემზე აიპარა და პირდაპირ კაპიტან ბლაის ოთახში შევიდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელს ბლაისთან პირადი ანგარიშსწორება უნდოდა.
ერთი კვირის განმავლობაში მგზავრებს აუტანელ პირობებში მოუხდათ ცხოვრება. ერთი კვირის შემდეგ კი კაპიტანი ბლაი და მისი ერთგული 18 თანამგზავრი დაშნების მუქარით ღია ზღვაში გადასხეს. მათი უჩვეულო მგზავრები კი, ანუ პურის ნერგები, როგორც ჩანს, აჯანყებულებმა წყალში მოისროლეს და სამუდამოდ დაასამარეს.
გაბედულმა და შეუპოვარმა ბლაიმ ახალი მოგზაურობა წამოიწყო, რომელსაც უგემბანო ხომალდით ნაოსნობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მოგზაურობა ეწოდა. ამ პატარა ხომალდით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მან დაახლოებით 5.800 კილომეტრი გაცურა, რასაც შვიდი კვირა მოანდომა, ჩაუარა ახლანდელ ფიჯის კუნძულებს, შემდეგ ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროს და ბოლოს კუნძულ ტიმორზე გავიდა სამშვიდობოს. მეზღვაურებს რამდენჯერმე დაემუქრათ საფრთხე, აბორიგენების ლუკმა გამხდარიყვნენ.
როდესაც კაპიტანი ბლაი ინგლისში დაბრუნდა, ბრძანება მიიღო, კიდევ ორი გემი მოემზადებინა და ხელახლა წასულიყო ტაიტიზე პურის ხეების წამოსაღებად. კაპიტანი არ შეუშინდა დავალებას, პირიქით, დიდი მონდომებით დაიწყო მზადება.
ყველანაირად მომზადებული ორი გემი ინგლისიდან 1792 წელს გავიდა. კაპიტანს ერთი გემი მთლიანად სასმელი წყლით ჰქონდა დატვირთული. ამჯერად მან წარმატებით ჩამოიტანა ქოთნებში ჩარგული შვიდასამდე ნერგი და ვესტ ინდოეთში, სენტ ვინსენტის კუნძულსა და იამაიკაზე გაავრცელა.
დღეს ამ კუნძულებზე შესანიშნავად ხარობს უნიკალური პურის ხე. ბლაის ეს მოგზაურობა კი, რომელიც თავგადასავლებითა და აღმოჩენებით იყო სავსე, მხოლოდ ბოლო ფურცელია პურის ხის ისტორიაში.
არქეოლოგები ფიქრობენ, რომ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე მასობრივი მიგრაცია მოხდა, რომელთაგანაც უკანასკნელი დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 1500 წლიდან დაიწყო. იმ დროიდან ლაპიტელებმა ორკორპუსიანი კანოებით აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან ინდონეზიაში, ახალ გვინეაში, ახალ კალედონიაში, ვანუატუსა და ფიჯის კუნძულებზე დაიწყეს გადასახლება და წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილსაც კი გასცდნენ.
ეს მოგზაურობები ნამდვილად საოცარ საზღვაო მიღწევებთან იყო დაკავშირებული, რადგან კუნძულიდან კუნძულზე გადასვლა ზოგჯერ ასობით კილომეტრის გადაცურვას მოითხოვდა უკიდეგანო ოკეანეში.
ლაპიტელების მიერ გაკეთებული ე.წ. ოკეანმკვეთი ორკორპუსიანი კანოების მეშვეობით დიდი რაოდენობით ხალხის, შინაური ცხოველის, მცენარეების თესლების ტრანსპორტირება შეიძლებოდა.
რადგან ლაპიტელებმა წყნარი ოკეანისკენ აიღეს გეზი, მათ აღმოაჩინეს ისეთი კუნძულები, როგორებიცაა მელანეზია და პოლინეზია, აგრეთვე მიკრონეზიის ჩრდილოეთი და ახალი ზელანდიის სამხრეთი ნაწილები და იქ დასახლდნენ. ისინი ზღვის ტალღებივით ვრცელდებოდნენ, საბოლოოდ კი ჰავაისა და აღდგომის კუნძულებამდე მიაღწიეს.
ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ძველად წყნარ ოკეანეში მოგზაურთა მცირე ნაწილმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტამდე, პერუს სანაპირომდეც კი მიაღწია და უკან დაბრუნებისას წყნარი ოკეანის კუნძულებზე სამხრეთამერიკული ტკბილი კარტოფილი, ე.წ. ბატატი ჩაიტანა.
დღეს ფიჯიში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, დიდად ფასობს პურის ხე, როგორც ნოყიერი და იაფი საკვები. მცენარის ზოგიერთი სახეობა ყინვაგამძლეა და ნაყოფიერებით გამოირჩევა. ეს ხე 50 წლამდე ცოცხლობს და, ამინდის მიუხედავად, წელიწადში სამჯერ იძლევა ნაყოფს.
ნაყოფი მოყვანილობით პურს მოგაგონებთ და სხვადასხვა სახეობა განსხვავებული გემოთი ხასიათდება. ნაწილობრივ პურის გემო აქვს და ნაწილობრივ – კარტოფილის. საჭმელად ვარგისია ასევე გაფცქვნილი თესლიც, რომელსაც თხილის გემო აქვს. ახლა უკვე ადვილი გასაგებია, რატომ უყვართ ასე ძალიან პურის ხე წყნარი ოკეანის მკვიდრთ.
წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრებთ პურის ხე, პირველ რიგში, ლაპიტელებისა და კაპიტან ბლაის უდიდეს საზღვაო მიღწევებსა და აღმოჩენებს ახსენებთ.