კასპის მერიას გართობა 188 222 ლარი დაუჯდა

1 week ago 6

კასპობა 2025″ – სთვის 42 146 ლარი დაიხარჯება. თანხა მერიამ ელექტრონული ტენდერის გზით შერჩეულ შპს “სპორტ აქტივისთვის” გამოყო, რომელიც წელს ღონისძიების მოწყობას უზრუნველყოფს. ერთი შეხედვით, მუნიციპალიტეტი საკუთარ დღესასწაულს გეგმავს და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას ირჩევს, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება “კასპობა” და მსგავსი გასართობი ღონისძიებები წლების განმავლობაში კასპის ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხები უჯდება, მაშინ როცა ქალაქსა თუ სოფლებში წლიდან წლამდე არაერთი პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

2021 წელს არჩეულმა თვითმმართველობამ გასართობი ღონისძიებების დაფინანსებისთვის თანხები პირველივე წლებში უხვად გასცა და უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იგივე ტენდენცია შეინარჩუნა. მაგალითად, 2022 წელს “კასპობისთვის” „ღამის რაინდების” მომსახურება 44 210 ლარი დაუჯდათ, “ღამის შოუს ბენდში” კი დამატებით 12 000 ლარი გადაიხადეს. ანუ, ერთი დღის გართობაზე საერთო ჯამში ბიუჯეტიდან, 56 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. მაშინ როდესაც იმავე წელს, იგივე ბიუჯეტიდან შეიძლებოდა რამდენიმე სოფლის გზის ან წყლის მილების შეკეთება, რაც ათასობით მოქალაქეს მნიშვნელოვანი პრობლემები მოუგვარდებოდა, მაგრამ მათი ინტერესების უგულებელყოფით, პრიორიტეტად მაინც კონცერტი ჩაითვალა.

2023 წელსაც იგივე ტენდენცია გაგრძელდა: სახალხო დღესასწაულის გამართვა ინდ. მეწარმე ტარიელ არჩვაძეს დაევალა, მერიას კი ეს “სიამოვნება” 34 216 ლარი დაუჯდა. გარდა ამისა, საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯგუფ “მიქსტურამ” კასპის ბიუჯეტიდან 15 150 ლარი მიიღო. ანუ ერთ წელიწადში თითქმის 50 ათასი ლარი კვლავ გართობისთვის გაიცა.

2024 წელს მერიამ უკვე გამარტივებულ შესყიდვებს მიმართა – ელექტრონული ტენდერის/აუქციონის გარეშე. ამ გზით კასპის მერიამ „ქართული ხმებისთვის“ 12 500 ლარი დახარჯა, ლაშა ნოზაძის ჯგუფ „რეგიონს” კი 20 000 ლარი გადაუხადა. დამოუკიდებლობის დღისთვის მოწვეულ ზუკა ხუციშვილს კი კასპელების ფულიდან 8 000 ლარი ერგო. საბოლოოდ, 2024 წელს 40 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა მხოლოდ იმაზე, რომ მერიას სცენა და კონცერტები მოეწყო.

თუ მთლიანობაში შევაჯამებთ, ელექტრონული ტენდერით და პირდაპირი გამარტივებული შესყიდვით, (შესყიდვის კატეგორია – “გასართობი მომსახურებები” ) 2022–2025 წლებში კასპის მერიამ ბიუჯეტიდან, მხოლოდ გასართობ ღონისძიებებზე 188 000 ლარზე მეტი დახარჯა.

წელიჯამი (ლარი)
202256 210
202349 366
202440 500
202542 146
სულ188 222

ეს თანხები, რომლებიც მოსახლეობის გადასახადებიდან იხარჯება, მკვეთრ კონტრასტშია მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ რეალობასთან. ახალგაზრდებს ელემენტარული სპორტული მოედნები არ აქვთ, სოფლებში გზები მიუვალია, ტრანსპორტის საკიტხი – მოუგვარებელი, მაგრამ მერიისთვის მთავარი მაინც გართობა და კონცერტებია.

ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად გამოიყურება გასული წლის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება კასპელებისთვის – ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. თითქოს ეს იყო კასპის ყველაზე დიდი პრობლემა, მაშინ როცა რეალური პრობლემები, როგოებიცაა წყლის, გზების და ტრანსპორტის თემა — დღის წესრიგშიც კი არ დგას. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ხალხი “ტრადიციული ოჯახის” დაცვის სიმბოლოთი მოატყუეს, ხოლო პარალელურად ბიუჯეტის ასიათასობით ლარი ისევ შოუებსა და სცენებს ხმარდებოდა.

ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ კასპში პრიორიტეტები არა მოსახლეობის საჭიროებებზე, არამედ პოლიტიკური და პირადი პიარის ინტერესებზეა მორგებული. “კასპობაც” იქცა არა საზოგადოების დღესასწაულად, არამედ ხელისუფლებისთვის — საკუთარი ძალაუფლების დემონსტრაციის სცენად.

ამ ფონზე მთავარი კითხვა ისევ პასუხგაუცემელი რჩება მერიის მხრიდან: რეალურად ვის სჭირდება ეს გართობა – კასპელებს, რომლებსაც ყოველდღიური საჭიროებების ძიებაში უწევთ ცხოვრება, თუ პოლიტიკოსებს, რომლებიც ბიუჯეტის ფულით მორიგ “საარჩევნო ფეიერვერკს” ამზადებენ?

სრულად წაკითხვა