კასპის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის, 4 წელში 11 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

1 week ago 10

კასპის მუნიციპალიტეტში 2022-2025 წლებში შრომის ანაზღაურებაზე გაწერილი თანხა 11 მლნ 139 ათას 200 ათას ლარს შეადგენს, კერძოდ:

2022 წელი: 2,272.2 ათასი ლარი

2023 წელი: 2,504.0 ათასი ლარი

2024 წელი: 3,030.0 ათასი ლარი

2025 წელი (პროექტი): 3,333.0 ათასი ლარი

კასპის მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხები ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდის პარალელურად თანმიმდევრულად მატულობს. ეს ზრდა არ არის მხოლოდ რიცხვების ცვლილება, ის ნაწილობრივ ბიუჯეტის საერთო სტრუქტურაზეც აისახება, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დამატებითი რესურსების გაჩენისას, პრიორიტეტი ხშირად ადმინისტრაციული აპარატის საკუთარი ანაზღაურების გაზრდისკენ მიემართება, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური საჭიროებების ხარჯზე. ეს დინამიკა კითხვებს აჩენს საბიუჯეტო პრიორიტეტების სისწორისა და საზოგადოებრივი რესურსების ეფექტურად განკარგვის შესახებ.

კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მონაცემები 2022 წლიდან 2025 წლის ივლისამდე მკაფიოდ აჩვენებს ხელფასების ხარჯების მუდმივ ზრდას, როგორც აბსოლუტური, ისე, ზოგიერთ შემთხვევაში, პროცენტული თვალსაზრისით:

მაგალითად, 2022 წელს, კასპის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტი 27 მლნ 432 ათას 700 ლარს შეადგენდა. შრომის ანაზღაურებისთვის კი გათვალისწინებული იყო 2 მლნ 272 ათას 200 ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 8.3% წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ასეთი მცირე მუნიციპალიტეტისთვის, სადაც ხშირად ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დაფინანსება შეზღუდული რესურსებით ხორციელდება.

მომდევნო 2023 წელს ბიუჯეტი გაიზარდა და 31 მლნ 65 ათას 400 ლარს მიაღწია. ამ ზრდის პარალელურად, თანამშრომელთა ხელფასებისა და ჰონორარების ხარჯი 2 მლნ 504 ათას ლარამდე ავიდა. პროცენტულად, ბიუჯეტთან მიმართებით ანაზღაურების წილი 8.1%-მდე შემცირდა, თუმცა ეს არ ნიშნავს პრიორიტეტის რეალურ შემცირებას. პირიქით, აბსოლუტური თანხა გაიზარდა, რაც ადასტურებს, რომ ბიუჯეტის ზრდის ძირითადი სარგებელი ნაწილობრივ ისევ ადმინისტრაციულ აპარატს დარჩა.

განსაკუთრებით საინტერესოა 2024 წელი, რადგან აქ ორი განსხვავებული ტენდენცია იკვეთება. ერთის მხრივ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემცირდა 26 მლნ 589 ათას 700 ლარამდე, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 4.5 მილიონი ლარით ნაკლებია. მეორეს მხრივ, ხელფასებისა და ჰონორარების თანხა მკვეთრად გაიზარდა და 3 მლნ 30 ათასი ლარი შეადგინა. შედეგად, ბიუჯეტთან მიმართებით ანაზღაურების წილი 11.4%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში.

პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ შემცირებული ბიუჯეტის პირობებშიც კი მუნიციპალიტეტმა თავისი რესურსების გაცილებით დიდი ნაწილი მიმართა საკუთარი თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდისკენ. ეს ფაქტი ნათლად მიუთითებს პრიორიტეტების არასწორ გადანაცვლებაზე, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურისა და სხვა აუცილებელი საჭიროებების დაფინანსების კუთხით.

რაც შეეხება 2025 წელს, როდესაც მოქმედ თვითმმართველობას, უფლებამოსილების ვადა ეწურება, ბიუჯეტის პროექტში სიტუაცია ნაწილობრივ სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა პრობლემა კვლავ რჩება. დაგეგმილი ბიუჯეტი გაიზარდა და 32 მლნ 225 ათას 200 ლარს მიაღწია, ხოლო ხელფასებისა და ჰონორარების ხარჯი 3 მლნ 333 ათასი ლარია. ეს ბიუჯეტის დაახლოებით 10.3%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელთან შედარებით პროცენტული წილი შემცირდა, ანაზღაურების ხარჯის ზრდა აშკარაა. ის თითქმის ერთ მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი 2022 წელთან შედარებით.

ღია წყაროებზე დაყრდნობით მოძიებული მონაცემები ცხადყოფს, რომ 2022-2025 წლების განმავლობაში კასპის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები სისტემატურად იზრდებოდა. 2024 წელს, ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, ანაზღაურების ზრდა მაინც განხორციელდა, რაც მიუთითებს, რომ ეს კატეგორია პრაქტიკულად უცვლელად პრიორიტეტულია. თუ 2022 წელს, ბიუჯეტის თითოეული ლარიდან დაახლოებით 8 თეთრი მიდიოდა თანამშრომელთა ანაზღაურებაში, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 11 თეთრამდე ავიდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველ დამატებით ბიუჯეტურ რესურსზე, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს, საკმაოდ მაღალი ალბათობით გაზრდილი ნაწილი იხარჯება ხელფასებზე, ვიდრე ახალი პროექტების ან მოსახლეობისთვის უშუალოდ სასარგებლო პროგრამების დაფინანსებაზე.

ამ მონაცემების საფუძველზე გამოკვეთილი ტენდენციები კასპის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პოლიტიკის კრიტიკული შეფასების საფუძველს იძლევა:

  • მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ბიუჯეტის ზრდა მოქალაქეებში ლოგიკურად იწვევს მოლოდინს მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების შესახებ, იქნება ეს გზების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თუ სოციალური მომსახურების გაფართოება – კასპის მაგალითი საპირისპირო ფაქტებს აჩვენებს. ბიუჯეტის ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაში იხარჯება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა 2024 წლის მონაცემებში, როდესაც მთლიანი ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, ხელფასების ხარჯი მკვეთრად გაიზარდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული აპარატის ანაზღაურება პრიორიტეტული რჩება მაშინაც კი, როდესაც სხვა სფეროები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური სერვისები, კულტურა ან სოციალური მხარდაჭერა, შესაძლოა ნაკლებად ფინანსდებოდეს.
  • მსგავსი საბიუჯეტო დინამიკა, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიძლება სერიოზული პრობლემა გახდეს საზოგადოებრივი ნდობის თვალსაზრისით. როდესაც მოქალაქეები ვერ ხედავენ ბიუჯეტის ზრდის ასახვას მათთვის ხელშესახები მიმართულებების გაუმჯობესებებში. ადმინისტრაციული ხარჯები არაპროპორციულად იზრდება და ეს იწვევს უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. საზოგადოებრივი კონტროლისა და გამჭვირვალობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის სტრუქტურა იყოს გასაგები თითოეული მოქალაქისთვის და მიმართული მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.
  • ბუნებრივია, არსებობს არგუმენტები, რომლებითაც ცდილობენ ასეთი პოლიტიკის გამართლებას. მუნიციპალიტეტში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება მოითხოვს კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კერძო სექტორში ხელფასები იზრდება და საჯარო სექტორს მუდმივად უწევს კონკურენცია. ასევე, ხელფასების ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან ან ინფლაციის კომპენსაციასთან. თუმცა, ღია წყაროების ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს არგუმენტები სრულად ვერ ხსნის და ვერ ამართლებს დაფიქსირებულ ტენდენციას. ფაქტი ფაქტად რჩება, თუ ბიუჯეტის ზრდის პარალელურად სხვა ხარჯების ზრდა შედარებით ზომიერია ან საერთოდ არ ხდება, ხოლო ანაზღაურების ხარჯი მუდმივად მატულობს, ეს მიუთითებს პრიორიტეტების მკაფიო გადანაცვლებაზე, სადაც შიდა ადმინისტრაციული მოთხოვნილებები საზოგადოებრივ საჭიროებებზე მაღლა დგას.

კასპის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ბიუჯეტის ზრდის უმნიშვნელოვანესი ბენეფიციარები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ ბიუჯეტის განკარგვაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად პრინციპს, რომელიც გულისხმობს მოქალაქეთა კეთილდღეობისა და მომსახურების გაუმჯობესებას.

თუ მუნიციპალიტეტის მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაა, საჭიროა, რომ ბიუჯეტის ზრდა უფრო თანაბრად განაწილდეს სხვადასხვა მიმართულებაზე და არ დარჩეს მხოლოდ შიდა ადმინისტრაციული ხარჯების გასაზრდელად. აუცილებელია ბიუჯეტის სტრუქტურის გადახედვა და უფრო მეტი გამჭვირვალობა, რათა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა და საზოგადოებრივი კონტროლი იმაზე, თუ როგორ გამოიყენება თითოეული ლარი ხალხის ფულიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამგვარი საბიუჯეტო პოლიტიკა მოქალაქეთა ნდობის შემცირებას და მუნიციპალიტეტის შესაძლებლობის შეფერხებს გამოიწვევს, რაც გულისხმობს ადგილობრივი ბიუჯეტის მორგებას მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე.

სრულად წაკითხვა