კახა კალაძე: “არსებობენ დაჯგუფებები, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დაპირისპირება”

1 week ago 6

არსებობენ დაჯგუფებები, ადამიანები, ვისაც აქვთ სურვილი, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დაპირისპირება, თუნდაც ვიღაცის მკვლელობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაძაბონ და გაართულონ მდგომარეობა, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ქმნის ოპოზიცია მოლოდინს, რომ შესაძლოა, აქციებთან მიმართებაში ხელისუფლების ქმედებებს მსხვერპლი მოჰყვეს:

ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, სადაც პირდაპირ საუბრობდნენ ვიღაცის ლიკვიდაციაზე, გვამებზე. ეს ამ ადამიანების ხელწერაა. გვახსოვს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, თუ როგორ მოქმედებდნენ ხალხის წინააღმდეგ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ, აქციების დაშლის დროს პირდაპირ კლავდნენ, შემდეგ გარდაცვლილ ადამიანებს შემოალაგებდნენ ხოლმე ჯიხურების თავზე და გვიმტკიცებდნენ, თითქოს ფატალური შემთხვევა მოხდა, ვიღაცას დენმა დაარტყა ან სხვა შემთხვევით დაიღუპა.

წარმოუდგენელი და კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რაც კეთდება. ჩვენი ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს ამასთან დაკავშირებით, პრევენციული განცხადებაც იქნა გაკეთებული.

რა თქმა უნდა, არსებობენ დაჯგუფებები, ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დაპირისპირება, დაძაბულობა, თუნდაც ვიღაცის მკვლელობა და ასე შემდეგ, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაძაბონ და გაართულონ მდგომარეობა ქვეყანაში, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე და მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ეს პროცესი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში უნდა წარიმართოს.

პროტესტის გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ეს მოხდეს კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად. როგორც კი ვინმე კანონს გადასცდება, ამას შესაბამისი უწყების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

სრულად წაკითხვა