კახა კალაძე: ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე

2 weeks ago 6

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი დედაქალაქში საახალწლო ნაძვის ხეს დადგამს. როდის მოირთვება რუსთაველის გამზირი, სადაც ხალხმრავალი აქციები იმართება, უცნობია.

„ვისმენ კონკრეტულ განცხადებებს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმ რადიკალების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ სხვადასხვა ქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, ომის დროსაც კი იდგმება საახალწლო ნაძვის ხე იმისთვის, რომ ადამიანებს, პატარებს მაქსიმალურად შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ასეთი რამ უკრაინაშიც ბევრჯერ გვინახავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერია წელსაც ტენდერის გარეშე ყიდულობს ახალი წლის ღონისძიებისთვის საჭირო მომსახურებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამისთვის 8 576 967 ლარი დაიხარჯება.

„გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად“, - წერს თბილისის მერია შესყიდვების სამსახურს.

შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხე დღეს, 6 დეკემბერს უნდა ანთებულიყო. დღეს ისევე, როგორც გასული რვა დღის განმავლობაში თბილისში აქცია იმართება.

უკვე მეცხრე დღეა საქართველოში არ წყდება პროტესტი პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. სახელისუფლებო პარტიაში გადაწყვიტეს, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი იკრიბება ყოველ საღამოს დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ აქცია იძენს ხოლმე ძალადობრივ სახეს და ამ მიზეზით შლიან მოქალაქეებს წყლის ჭავლითა და ცრემლმდენი აირით.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად აქვეყნებს დაშავებული პოლიციელების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს.

თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეთა შორის 26 ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული.

სრულად წაკითხვა