კეზერაშვილის თქმით, BBC-ს მოუგო სასამართლო დავა „ქოლცენტრების“ საქმეზე

2 weeks ago 7

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ BBC-ს მოუგო სასამართლო დავა, რის შედეგადაც ბრიტანულმა მედიასაშუალებამ წაშალა თავისი პლატფორმებიდან ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც კეზერაშვილს „ქოლცენტრების სქემასთან“ აკავშირებდა.

კეზერაშვილის განცხადებით, ამით დასრულდა თითქმის ორწლიანი სასამართლო პროცესი ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც, მისი სიტყვებით, „ფაქტობრივად, დადასტურდა რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით“.

BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო დასახელებული. „მისტერ ოფშორი“, - ასე იყო ფილმში კეზერაშვილი დასახელებული.

ამჟამად, 9 დეკემბრისთვის, BBC-ის პლატფორმებზე ჟურნალისტური გამოძიება ხელმისაწვდომი აღარ არის და ბმული, რომელზეც ის იძებნებოდა, წაშლილია.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას დავით კეზერაშვილის გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად. BBC-ისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

კეზერაშვილი წერს, რომ BBC-მ ასევე „ვალდებულება აიღო, რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას“ და აუნაზღაურებს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს.

„სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად, აჩვენებს რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა. ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად“, - აცხადებს დავით კეზერაშვილი.

BBC-ის ამ გამოძიებამდე დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტს, 51%-ს ფლობდა. გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში კი განაცხადა, რომ მზად იყო უარი ეთქვა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე. ეს გადაწყვეტილება მან „ფორმულას“ თანამშრომელთა „სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასის ასაწევად“ მიიღო. ამჟამად კეზერაშვილი ტელეკომპანიის წილების 26%-ს ფლობს.

სრულად წაკითხვა