საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე "ანჟერს“ უმასპინძლა და რთულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით – 1:0 იმარჯვა. ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, კუნთის მცირე დაზიანების გამო განაცხადში ვერ მოხვდა.
პირველ ნახევარში პარიზელებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ – 27-ე წუთზე უსმან დემბელემ პენალტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში, 50-ე წუთზე, ფაბიან რუისმა ერთადერთი შედეგიანი დარტყმა შეასრულა და გამარჯვებაც სწორედ ამ გოლმა მოიტანა.
ორი ტურის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენს“ სრულყოფილი შედეგი – 6 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილს ლიდერობს. სავარაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე უკვე მომდევნო შეხვედრაში დაბრუნდება.