საქართველოს ნაკრებისა და პარიზული გრანდის, PSG-ის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ძმა, 14 წლის თორნიკე კვარაცხელია კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
თორნიკე კვარაცხელია, რომელიც აქამდე „ინტერის აკადემიაში“ ირიცხებოდა, თბილისის „დინამოს“ აკადემიაში ითამაშებს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან დაკავშირებით „დინამოს“ მიდგომა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მას მთავარ გუნდშიც მალევე გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე კვარაცხელია საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებასაც იცავს, სადაც 3 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
გასულ ზაფხულს სოციალურ ქსელში გავრცელდა ხვიჩა კვარაცხელიას პირველი საფეხბურთო აგენტის, თემურ უგრეხელიძის შეფასება კვარას ძმის საფეხბურთო მონაცემებზე.
„ხვიჩას ძმა, თორნიკე კვარაცხელია კვარაზე კიდევ უფრო ნიჭიერია. ის ჯერ პატარაა და პოზიციით ძმისგან განსხვავდება, რადგან დაცვაში თამაშობს, თუმცა მერწმუნეთ, ძალიან ნიჭიერია.
ასეთი ტალანტი 50 წელში ერთხელ იბადება“, – განაცხადა მაშინ თემურ უგრეხელიძემ.