WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უელსის პრინცესა BBC-ს ახალ დოკუმენტურ ფილმში „Heal“ პირად გამოცდილებას გვიზიარებს. ფილმში აქამდე გამოუქვეყნებელი კადრებიც შევიდა, მათ შორის, ქეითის მონაწილეობა სამ მწვერვალზე ასვლის გამოწვევაში („Three Peaks Challenge“).

„კიბო ნამდვილად გცვლის. ის ცვლის შენს სხეულს, ფიზიკურადაც გარდაგქმნის, მაგრამ არსებობს გაცილებით ღრმა ცვლილებაც, რომელსაც ადამიანის ცხოვრებაში კიბოს დიაგნოზი იწვევს“, – ამბობს უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი BBC-ს ახალ დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით „Heal“ („განკურნება“).

ქეითი, რომელმაც 2024 წელს განაცხადა, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა, ამჯერად საკუთარ განცდებზე, რთულ პერიოდსა და გამოჯანმრთელების ხანგრძლივ გზაზე საუბრობს. დოკუმენტური ფილმის პრემიერა BBC One-ზე 29 ნოემბერს გაიმართება. მისი წამყვანია ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი კირსტი იანგი.

„გამოჯანმრთელება მოგზაურობაა“, – ამბობს პრინცესა ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში. მისი თქმით, „ცხადია, ჩვენ არ ვართ შექმნილნი იმისთვის, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებს მარტო გავუმკლავდეთ“. ქეითი საუბრობს იმაზეც, რომ ზოგჯერ სწორედ ტკივილის გავლით ვაცნობიერებთ, რამდენი სილამაზე შეიძლება იმალებოდეს მის მიღმა.

ფილმის წინასწარ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პრინცესა საკუთარ გამოცდილებას სხვა ადამიანების ისტორიებსაც უკავშირებს. მაყურებელი ხედავს, რომ იგი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ხვდება. ფილმში ასევე არის უილიამთან და შვილებთან – ჯორჯთან, შარლოტასთან და ლუისთან – ჩახუტების ემოციური კადრები.

ქეითის მონათხრობი მხოლოდ ავადმყოფობის პერიოდს არ ეხება. იგი საუბრობს იმაზეც, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს, როგორ შეინარჩუნოს იმედი და სიხარულის განცდა მაშინაც კი, როცა მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

სამი მწვერვალი – გამოწვევა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა

დოკუმენტურ ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქეითის მონაწილეობას ე. წ. „Three Peaks Challenge“-ში – გამოწვევაში, რომლის მონაწილეც 24 საათის განმავლობაში შოტლანდიის, ინგლისისა და უელსის უმაღლეს მწვერვალებზე უნდა ავიდეს.

პრინცესამ ეს რთული მარშრუტი 2026 წლის ივნისში მარტო გაიარა. მან ბენ-ნევისის, სკაფელ-პაიკისა და სნოუდონის მწვერვალები 24 საათის განმავლობაში დალაშქრა. გზაში ქეითს მთის სამაშველო სამსახური ეხმარებოდა.

ეს არ ყოფილა მხოლოდ ფიზიკური გამძლეობის გამოცდა. გამოწვევის მიზანი იყო საქველმოქმედო ორგანიზაცია „Royal Marsden Cancer Charity“-ს მხარდაჭერა. ორგანიზაცია კიბოსთან დაკავშირებულ სამედიცინო დახმარებასა და კვლევებს აფინანსებს. ქეითისთვის ეს ინიციატივა ავადმყოფობის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებისა და ახალი მიზნებისკენ სწრაფვის სიმბოლოდაც იქცა.

ფილმში ერთ-ერთი განსაკუთრებით ემოციური ეპიზოდი ქეითისა და მისი ძმის, ჯეიმს მიდლტონის საუბარია. პრინცესა აღნიშნავს, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ საავადმყოფოში ტრადიციული ზარი არ ჩამოურეკავს. ზოგიერთ ონკოლოგიურ კლინიკაში პაციენტები მკურნალობის დასრულების აღსანიშნავად ზარს რეკავენ. ჯეიმსის აზრით კი, შესაძლოა სამი მწვერვალის დაპყრობა ქეითისთვის სწორედ ის სიმბოლური ზარი იყოს, რომელიც მკურნალობის დასრულებას აღნიშნავს.

რა არის ცნობილი ქეითის ავადმყოფობის შესახებ?

უელსის პრინცესამ 2024 წლის მარტში განაცხადა, რომ მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მან მაშინვე განმარტა, რომ პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა, თუმცა სიმსივნის კონკრეტული სახეობა საჯაროდ არასოდეს გაუმხელია.

2025 წლის იანვარში ქეითმა თქვა, რომ მისი დაავადება რემისიაში იყო. ამის შემდეგ მან თანდათან ისევ დაიწყო სამეფო მოვალეობების შესრულება და საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა.

პრინცესა მკურნალობას ლონდონის სამეფო მარსდენის (Royal Marsden) ონკოლოგიურ საავადმყოფოში გადიოდა. აღსანიშნავია, რომ ახალი დოკუმენტური ფილმის გავრცელებიდან მიღებული თანხა სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა.

ფილმი, რომელიც პირად ისტორიაზე მეტს გვიამბობს

BBC-ს ინფორმაციით, „Heal“-ი მხოლოდ ქეით მიდლტონის პირად ისტორიას არ მოგვითხრობს. ფილმში განხილულია მძიმე დაავადების გავლენა როგორც თავად პაციენტებზე, ისე მათ ახლობლებზე და გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის გამოჯანმრთელებისთვის თანადგომა, იმედი და გარემო, რომელშიც ის ცხოვრობს.

ფილმის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს დიაგნოზის მიღების, მკურნალობისა და გამოჯანმრთელების რთული გზის გავლაში და ყურადღება გაამახვილოს პაციენტის ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე სიმსივნის მკურნალობისას და მკურნალობის შემდეგ.

დოკუმენტური ფილმი BBC One-ზე 29 ნოემბერს, გრინვიჩის დროით 18:40 საათზე გავა, ხოლო BBC iPlayer-ზე იმავე დღეს, 12:00 საათიდან იქნება ხელმისაწვდომი. მოგვიანებით ის სხვა ქვეყნებშიც გავა ეთერში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქეით მიდლტონი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პირად განცდებზე ასე ღიად საუბრობს. 2024 წლის სექტემბერში უელსის პრინცესამ საზოგადოებას აცნობა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა. ვიდეოში, რომელიც ნორფოლკში, უელსის ოჯახის აგარაკის შემოგარენში იყო გადაღებული, იგი მეუღლესა და სამ შვილთან ერთად ჩანდა.

ახლა კი, როდესაც ქეითი საკუთარ გამოცდილებას უფრო ფართო აუდიტორიას უზიარებს, მისი მთავარი გზავნილი ასეთია: მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ცხოვრება გრძელდება, თუმცა ადამიანი ამ გზას უკვე შეცვლილი გადის. ამ დროს კი ახლობლების თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნინო ხოშტარია

BBC-ს დოკუმენტური ფილმის „Heal“ ოფიციალური ტრეილერი