კიევი: გამოვლენილია რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც ქართველებიც შედიოდნენ

3 days ago 2

01.05.202601.05.2026

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ევროპელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული გამოძიების შედეგად, გამოავლინეს რუსეთის აგენტურული ქსელი, რომელიც უკრაინასა და ევროკავშირში მკვლელობებსა და ტერაქტებს ამზადებდა.

27 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის ეროვნული პოლიცია აღნიშნავს, რომ ქსელის შემადგენლობაში შედიოდნენ რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, ლატვიისა და საბერძნეთის მოქალაქეები.

„ლიკვიდაციის პოტენციურ სამიზნეებს შორის იყვნენ უკრაინის მოქალაქეები — ჟურნალისტები, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (GUR) სამხედრო მოსამსახურე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და საჯაროდ გამოდიან აგრესორი ქვეყნის პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ დროისთვის ბრალდება 13 პირს წარედგინა, მათგან 9 ევროკავშირის ტერიტორიაზეა დაკავებული, 4 პირზე კი გაცემულია დაპატიმრების ევროპული ორდერი“, – ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებაში.

უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებით, აგენტურული ჯგუფის მიზანი იყო უკრაინისა და მისი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების დასუსტება, კიბერშეტევების, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და დივერსიული საქმიანობის კომბინაციით.

„აგენტურულ-საბრძოლო ჯგუფის წევრები გეგმავდნენ მძიმე დანაშაულების სერიას, მათ შორის შეკვეთილ მკვლელობებსა და ტერორისტულ აქტებს.

ქსელის წევრები სხვადასხვა როლს ასრულებდნენ — სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებითა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფით დაწყებული, დანაშაულის ჩასადენი საშუალებების მომზადებით დასრულებული. კომუნიკაცია ხორციელდებოდა დაცული არხებით, ანონიმური ანგარიშებისა და დროებითი SIM-ბარათების გამოყენებით.

პოტენციურ მსხვერპლთა შორის იყვნენ უკრაინელი ჟურნალისტები, დაზვერვის ოფიცერი და უცხოელი მოქალაქეები. კერძოდ, რუსი საზოგადო მოღვაწე, რომელიც აგრესორი ქვეყნის ხელისუფლების ოპოზიციაშია, ასევე, ლიეტუველი პროუკრაინული აქტივისტი, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკას.

ფიგურანტები ახორციელებდნენ უკანონო თვალთვალს შერჩეულ პირებზე, აგროვებდნენ ინფორმაციას მათი ადგილსამყოფლის, გადაადგილების მარშრუტებისა და კონტაქტების შესახებ, რის შემდეგაც გეგმავდნენ მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას.

უკრაინელმა პოლიციელებმა დააფიქსირეს ზოგიერთი მონაწილის პირდაპირი კონტაქტები რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და უკრაინის მოქალაქეების გადაბირების ფაქტები, მათ შორის არასრულწლოვნების, სოციალურად დაუცველი პირებისა და იძულებით გადაადგილებული პირების — იმათი, ვისით მანიპულირებაც უფრო ადვილია. ჯგუფის სამომავლო გეგმებში ასევე შედიოდა ახალი ტერორისტული ხასიათის დანაშაულები, რომლებიც მიზნად ისახავდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხებას.

დანაშაულებრივი საქმიანობის დაფინანსება ხორციელდებოდა მრავალდონიანი სისტემით, ნომინალური პირების, საბანკო ინსტრუმენტებისა და კრიპტოვალუტის გამოყენებით. კიბერპოლიციის მიერ ჩატარებული ანალიტიკური კვლევის შედეგად დადგინდა ტრანზაქციების ჯაჭვები და დადასტურდა კრიპტოაქტივების გამოყენება ქსელის მონაწილეებს შორის ანგარიშსწორებისთვის.

საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში შემსრულებლები დააკავეს ლიეტუვისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. ჩხრეკა ჩატარდა უკრაინაში, პოლონეთსა და საბერძნეთში. ასევე დადგინდნენ პირები, რომლებიც დაფინანსებასა და კოორდინაციაში იყვნენ ჩართულნი.

ამ დროისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბრალდება წარედგინა 13 პირს, რომელთაგან 9 დაკავებულია, ხოლო 4-ზე გაცემულია დაპატიმრების ევროპული ორდერი. საზღვარგარეთ დაკავებული აგენტურულ-საბრძოლო ჯგუფის სამი წევრი უკვე გადაეცა ლიეტუვას, კიდევ ორზე კი შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს“, – ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა