WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე. შეტევას ნგრევა და ხანძრები მოჰყვა.

რუსეთი კიევს ზედიზედ რამდენიმე დღეა უტევს. ამჯერად საჰაერო განგაში 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით ღამის პირველი საათის შემდეგ გამოცხადდა.

კიევში პირველი აფეთქებების შემდეგ ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობები, რომ პეჩერის რაიონში იწვის სამსართულიანი არასაცხოვრებელი შენობა, ხოლო სოლომიანსკის რაიონში - სასწავლო დაწესებულების ერთ-ერთი კორპუსი. ამავე რაიონში დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გოლოსიივსკის რაიონში ხანძარი გაუჩნდა ხუთსართულიან სახლს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ორი ადამიანი დაშავდა კიევის ოლქის ბუჩის რაიონში, სადაც დრონით დარტყმის შედეგად განადგურებულია კერძო სახლი.

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასირებული შეტევა მიიტანეს 28 სექტემბერსაც. საგანგებო სიტუაციების სამსახურის და კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 26 ადამიანი.

დრონებით შეტევის შედეგად განადგურებულ და დაზიანებულ შენობებს შორის არიან მეცნიერებათა აკადემიის და სამედიცინო ცენტრის, „დობრობუტის“ შენობები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 28 სექტემბერსაც ირწმუნებოდა, რომ კიევში დაარტყეს უკრაინის არმიის ინტერესებისთვის გამოყენებულ ობიექტს. ამჯერად, ასეთ ობიექტად დაასახელეს კომპანია „უკრტელეკომის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრი.