კლინიკაშია მოთავსებული კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 პირი დაჭრა

1 week ago 36

კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის ცნობით, მას ხელის მარცხენა მტევანზე თითის ამპუტაცია დასჭირდა, მარჯვენაზე კი ზედაპირული ტრავმები ჰქონდა.

შსს-მ გუშინ განაცხადა, რომ ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და რომ მან ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.

„23 რიცხვში, 00:34-ზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა 42 წლის მამაკაცი, დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი, მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან, ჩატარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან ავიდა საოპერაციო ბლოკში, ამ წუთას იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა პაციენტთან“, – თქვა ექიმმა.

ექიმის თქმით, ადგილზე არიან შსს-ს თანამშრომლები და პალატაში პაციენტი ბადრაგთან ერთად, 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

კაცს, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

თბილისში, ვერაზე 22 ივლისს ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ადამიანი დაჭრეს. შსს-ს განცხადებით, ოთხივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

კლინიკაში რჩება ორი ახალგაზრდა ბიჭი, ექიმის განცხადებით, ორივეს ჩაუტარდა ოპერაცია და მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

ბრალდებული დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა