„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას სუვერენიტეტსა და მშვიდობაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, „აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან“ შერიგებაზე, შუა დერეფანში საქართველოს როლსა და ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება.
„საერთაშორისო ვითარების მნიშვნელოვან ცვლილებებზე“ საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას „გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს“.
„ისტორიულმა გამოცდილებამ ასევე გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ.“, – განაცხადა მან.
რუსული ოკუპაცია
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს“, – აღნიშნა კობახიძემ.
შემდეგ მან რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა:
„წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის აღდგენა და სწორედ ამ ფონზე მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა“, – განაცხადა მან. „დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს“.
„გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს“, – განაგრძო მან. „ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც – ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც“.
სამხრეთ კავკასია, რეგიონული თანამშრომლობა, შუა დერეფანი
შემდეგ კობახიძემ ყურადღება სამხრეთ კავკასიაზე გაამახვილა და აღნიშნა: „ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეროვნული სტაბილურობა და წარმატება არ შეიძლება განხილული იქნას უფრო ფართო რეგიონული კონტექსტის გარეშე“.
„გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს როლს რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაში.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რეგიონული ინიციატივების ფარგლებში თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ, როგორც კეთილსინდისიერმა შუამავალმა“, – აღნიშნა მან. „დღეს ჩვენ რეალურ შესაძლებლობას ვხედავთ, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას ეხმიანება – შევქმნათ უკეთესი მომავალი“.
ამის შემდეგ კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტში.
„თანამშრომლობის ამგვარი სულისკვეთება რეგიონისთვის ხელშესახებ ეკონომიკურ შესაძლებლობებადაც უნდა გარდაიქმნას“, – განაცხადა მან. „საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს“.
„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ შევქმენით ქსელი, რაც დაახლოებით 2.3 მილიარდი მომხმარებლისგან შემდგარ ბაზარზე წვდომას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა სარკინიგზო ქსელის მოდერნიზება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ავტომაგისტრალების ქსელის გაფართოება.
მისივე თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით და ახალი თაობის მონაცემთა ინფრასტრუქტურის მეშვეობით, საქართველო მიზნად ისახავს უსაფრთხო, მდგრადი და დივერსიფიცირებული ციფრული კავშირების განმტკიცებას ევროპასა და აზიას შორის.
ეკონომიკა
კობახიძემ გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკას დაუთმო და აღნიშნა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული ამბიციები „ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეფუძნება“.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 9.3 პროცენტით იზრდებოდა და ეს დინამიკა 2026 წელსაც გაგრძელდა, რადგან წელსაც პირველი შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9 პროცენტს მიაღწია“, – განაცხადა კობახიძემ და საქართველოს „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა“ უწოდა.
„ჩვენ აქტიურად ვაყალიბებთ ინოვაციებზე ორიენტირებულ და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური საწარმოების განვითარებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, „წარმატების ნამდვილი საზომი ის არის, თუ როგორ აუმჯობესებს ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრებას“.
„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შედეგები კონკრეტული და გაზომვადი სახით არის ასახული მაჩვენებლებში, რაც საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს, მაგ. სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა და 7.1 პროცენტს შეადგენს, 2020 წლის 21.3 პროცენტთან შედარებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ეს მიღწევა მხოლოდ ერთი ნაწილია იმ უფრო ფართო ტრანსფორმაციისა, რომლის განხორციელებისკენაც ვისწრაფვით“.
„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უთანასწორობის შემცირება, თითოეულ რეგიონში შესაძლებლობების ამაღლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ფართოდ გადანაწილდეს და არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უფრო შორეულ პერსპექტივაში, მომავალი ათწლეულისთვის „ჩვენი ამბიციაა, რომ საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად გარდავქმნათ, რაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის უფრო მეტად დივერსიფიკაციით, ცოდნაზე დაფუძნებული საქმიანობის გაფართოებით და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებით“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები