კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აკრიტიკებს და მას „დიფ სთეითს“ უკავშირებს

1 hour ago 3

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაგმო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ჰააგის დეკლარაცია, რომელიც საქართველოს შესახებ არაერთ კრიტიკულ დებულებასა და რეზოლუციას მოიცავს, მას „აბსურდული“ უწოდა, ხოლო მისი მიღება „დიფ სთეითს“ დაუკავშირა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისს ჰააგის დეკლარაცია და თანმხლები რეზოლუციები მიიღო. დეკლარაცია „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს „დემოკრატიული უკუსვლის“ გამო, ხოლო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს მოუწოდებს გაათავისუფლოს „ყველა პოლიტპატიმარი“, გააუქმოს ან გადახედოს „შემზღუდავ კანონმდებლობას“ და დაიწყოს „ნამდვილი რეფორმების განხორციელების პროცესი“.

13 ივლისის ბრიფინზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა: „არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიფ სთეითის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრი დასავლური ქვეყანა და ინსტიტუტი „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშაა. მან, ამავდროულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, „დიფ სთეითის“ „აგენტურულ ქსელს“ წარმოადგენდა.

კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო „დიფ სთეითის“ მთავარი სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნასა და სანქციებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მისი თქმით, მთავრობის პოზიციამ საქართველოს წინააღმდეგ „კამპანია“ გამოიწვია, რა დროსაც გამოიყენება ყველა არსებული ინსტრუმენტი, „მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტული ევროპული ინსტიტუტები“.

„სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელიც სრულად იმეორებს აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატია საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციური პროცესების წასახალისებლად იყენებს, რაც, მათი გათვლით, საბოლოოდ, ხელისუფლების ცვლილებით და ხელისუფლებაში მათი მორჩილი აგენტურის დაბრუნებით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ქვეყნის შიგნით მიმდინარე საპროტესტო აქციები და უცხოური სანქციები ერთადერთი ინსტრუმენტია „დიფ სთეითის“ ხელში საქართველოს წინააღმდეგ, რადგან „ბოლო წლებში ჩავარდნილი რევოლუციების შემდეგ ამ კუთხით მათი რესურსი სრულად მიილია“.

„ამიტომ ისინი ახლა სწორედ სანქციებითა და რეზოლუციებით ცდილობენ ქვეყანაზე ზეწოლას, რათა საქართველოს მოსახლეობამ სწორი გზიდან გადაუხვიოს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში „ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული“.

სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ გაგრძელდება ეუთო-საქართველოს ურთიერთობები, კობახიძემ განაცხადა: „ეუთოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას – დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა