WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას ესწრება. დაგეგმილია, რომ იგი 24 სექტემბერს გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა.

კობახიძეს თან ახლავს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.

ვიზიტის ფარგლებში, კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში” მიიღო მონაწილეობა. ეს ინიციატივა ევროკავშირმა თანაორგანიზატორებთან – ავსტრალიასთან, ბარბადოსთან, ბრაზილიასთან, კანადასთან, ინდოეთსა და კენიასთან ერთად გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში წამოიწყო. ის ფოკუსირებულია „მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე, საერთო კეთილდღეობაზე, ადამიანის ღირსებასა და უფლებებზე“.

ვიზიტის ფარგლებში კობახიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და მონაწილეობას მიიღებს ფინეთის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მშვიდობის საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შეთანხმებას ხელი კობახიძემ და ნაურუს პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა მოაწერეს.

მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტი

21 სექტემბერს კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა.

საქართველოს მთავრობის პრესრელიზის თანახმად, გამოსვლისას კობახიძემ საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება“, – განაცხადა კობახიძემ პრესრელიზის თანახმად. „ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით“.

„ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა“, – აღნიშნა მან.

„სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს“.

კობახიძე ასევე მიესალმა „ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და გვჯერა, რომ გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, დაკავშირებადობა და ეკონომიკური განვითარება“.

სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

This post is also available in: English