WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ შეტანილ სარჩელს ბოლომდე მიჰყვება. კობახიძე, რომელიც განათლებით იურისტი და კონსტიტუციონალისტია, ირწმუნება, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა “სამართლებრივი საკითხია” და მისი “პოლიტიზება” არ შეიძლება.

აღნიშნულის შესახებ მან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა განაცხადი იქნება აღნიშნული სარჩელი დასავლელი პარტნიორებისთვის იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ნაწილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისკენ უკვე მოუწოდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხი წმინდა სამართლებრივია და მისი პოლიტიზება ევროპული პრინციპების დარღვევაა.

„ეს არის სამართლებრივი საკითხი. ყველა, ვინც გეგმავს რაიმე კომენტარის გაკეთებას, პირველ რიგში, უნდა გაეცნოს სამართლებრივ მხარეს – სარჩელს და მოგვიანებით გადაწყვეტილებას. ამ საკითხის პოლიტიზება არის თავისთავად პრინციპების, მათ შორის ევროპული პრინციპების დარღვევა. როდესაც პარტიები ითხოვენ ამ საკითხის პოლიტიზებას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ სულისკვეთებაზე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს, გაუქმდება თუ არა სარჩელში მითითებული ყველა ოპოზიციური პარტია ერთად, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოსარჩელის ანუ ამ შემთხვევაში”ქართული ოცნების” ინტერესშია, სარჩელი სრულად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

დღევანდელ ბრიფინგზე ასევე დაისვა კითხვა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით. სააკაშვილი ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე დასასწრებად მისი ეტაპირება ბათუმში მოხდეს, რადგან აღნიშნული სარჩელი უშუალოდ მასაც ეხება. კობახიძის თქმით, კონკრეტული პირების სხდომებზე დასწრების საკითხი მთლიანად სასამართლოს პრეროგატივაა და ის ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის იმ პირთა ვინაობა, ვინც უშუალოდ წარადგენს უმრავლესობის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. კობახიძის განცხადებით, ეს ტექნიკური საკითხია, რომელზეც გუნდი სამუშაო ფორმატში იმსჯელებს. სავარაუდოდ, წარმდგენები თავად პარლამენტის წევრები იქნებიან, რადგან სარჩელი სასამართლოში დეპუტატების ხელმოწერებით არის შესული.