ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “პატივს სცემს” ჩინეთის მიზეზებს, რატომაც ის არ უჭერს მხარს გაეროში საქართველოს მიერ ინიციირებულ რეზოლუციას დევნილების სახლებში დაბრუნების თაობაზე, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.
დღეს კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ჩინეთს და ამ ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას. კობახიძემ ჩინეთი დაახასიათა სამაგალითო ქვეყნად, რომელიც მისი თქმით, მსოფლიოში ერთადერთი “მშვიდობიანი სუპერძალაა”.
ბრიფინგზე კობახიძემ ისაუბრა ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ამ კუთხით არსებულ წინსვლაზე. მას ჰკითხეს, ეკონომიკური თანამშრომლობა გასაგებია, რომ მისასალმებელია, მაგრამ რა პოლიტიკურ სარგებელს იღებს თბილისი ამ შეთანხმებით, როცა მისი სტრატეგიული პარტნიორი მხარს არ უჭერს გაეროში საქართველოს მიერ ინიციირებულ მთავარ რეზოლუციას, რომელიც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალში ქართველი დევნილების დაბრუნების საკითხს.
“ჩინეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ანალოგიურად არის, მაგალითად, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ისრაელი, რომელმაც ასევე არ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას, მაგრამ ისრაელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები. უკვე მრავალი წელია, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მუდმივად ვითარდება ეს ურთიერთობები. არასწორი მაგალითი მოიყვანეთ”, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტი რეპლიკას, რომ დღევანდელი ბრიფინგი არა ისრაელს, არამედ ჩინეთთან გაღრმავებულ ურთიერთობებს ეხება და რატომ ვერ ახერხებს ქართული მხარე რეზოლუციაზე ჩინეთის მხარდაჭერის “გამოვაჭრებას”, კობახიძემ უპასუხა:
“ჩინეთს აქვს თავისი, სპეციფიკური მიზეზები და ამაში მე არ მინდა შევიდე, იმიტომ რომ ეს არის ჩინეთის მიზეზები და ამ მიზეზებსაც პატივს ვცემთ. რაც შეეხება ჩვენს მთავარ საკითხს, საკვანძო საკითხს, ჩინეთი მყარად უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს მხარს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს. ისევე როგორც ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთი ჩინეთის პრინციპს. ეს არის ურყევი მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, არა მარტო ვგრძნობთ, არამედ საქმითაც ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში. ანალოგიურად, ისრაელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, სხვა ქვეყნებიც არის ასეთი, ვისთანაც ვმეგობრობთ, მაგრამ მხარს ვერ უჭერენ საკუთარი სუბიექტური მიზეზების გამო ასეთ რეზოლუციას”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება 2023 წელს გააფორმა (კერძოდ, 2023 წლის ივლისში, პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში).
შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ საქართველო მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს. დოკუმენტში დაკონკრეტებული არაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა “ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი არის რუსეთის მთავარი მოკავშირე და პარტნიორი როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო კუთხითაც. რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობას ოფიციალურად ეწოდება „ახალი ეპოქის ყოვლისმომცველი სტრატეგიული ურთიერთქმედების პარტნიორობა”. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, სადაც განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობას „საზღვრები არ აქვს“ და არ არსებობს თანამშრომლობისთვის „აკრძალული ზონები“. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ გაეროს უშიშროების საბჭოში (ხშირად ერთად ადებენ ვეტოს დასავლეთის მიერ ინიციირებულ რეზოლუციებს), ასევე არიან BRICS-ისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წამყვანი წევრები. დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთის ეკონომიკა დიდწილად ჩინეთზე გახდა დამოკიდებული. რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია (ხშირად ფასდაკლებით). თავის მხრივ, ჩინეთი რუსეთს ამარაგებს სამომხმარებლო საქონლით, ავტომობილებით, ელექტრონიკითა და მაღალი ტექნოლოგიებით, რითაც ავსებს სანქციების შედეგად გაჩენილ დანაკლისს. ორმხრივ ვაჭრობაში ისინი სულ უფრო იშვიათად იყენებენ აშშ დოლარს და ანგარიშსწორების დიდ ნაწილზე (დაახლოებით 90%-ზე) ჩინურ იუანსა და რუსულ რუბლში გადავიდნენ. ჩინეთი და რუსეთი რეგულარულად მართავენ მასშტაბურ ერთობლივ სამხედრო-საზღვაო და საჰაერო წვრთნებს (მათ შორის წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვასა და სხვა სტრატეგიულ წერტილებში). ჩინეთი ოფიციალურად თავს ნეიტრალურად აცხადებს და რუსეთისთვის პირდაპირი ლეტალური იარაღის პირდაპირ მიწოდებისგან თავს იკავებს (დასავლური სანქციების შიშით). თუმცა, დასავლური დაზვერვის ცნობებით, პეკინი მოსკოვს აწვდის ორმაგი დანიშნულების საქონელს (ჩიპებს, დრონების ნაწილებს, ნავიგაციის სისტემებს), რაც რუსეთს სამხედრო მრეწველობის შენარჩუნებაში ეხმარება.
დევნილების დაბრუნებაზე საქართველოს რეზოლუცია, რომელსაც ჩინეთი მხარს არასდროს უჭერს, პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.

1 week ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·