კომკომის თქმით, TV პირველი 2500 ლარით დააჯრიმეს

1 hour ago 2

კომუნიკაციების კომისიამ TV პირველი 2500 ლარით დააჯარიმა.

უწყება ტელევიზიას მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევას ედავება. უფრო კონკრეტულად კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმადაც, “დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე”.

მედიაჩეკერის ინფორმაციით, კომისიამ კანონის ამ მუხლის დარღვევად მიიჩნია TV პირველის საინფორმაციო გამოშვებაში გამოყენებული შემდეგი სიტყვები და ფრაზები: “სინდისის პატიმრები”, “ცრუ მოწმე პოლიციელები”, “პოლიტიკური ტყვეები” და ა.შ.

კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი მონიტორინგი 11-დან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. ამ პერიოდში მათ შეისწავლეს 11:00, 15:00 და 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვებები.

“კომისიამ დაადგინა, რომ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების, ახალი ამბების პროგრამის წამყვანების ან ჟურნალისტების მხრიდან და გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. კანონის შესაბამისად, მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. მოცემულ შემთხვევებში კი მაუწყებლის წამყვანების/ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას”, – წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა