კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ 2 500 ლარით დააჯარიმა

6 hours ago 3

კომუნიკაციების კომისიამ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულა“ 2,500 ლარით დააჯარიმა, „პირადი მოსაზრებების გავრცელებასთან“, „მიუკერძოებლობასთან“ და „ბალანსის დაცვასთან“ დაკავშირებული სავარაუდო დარღვევების გამო.

ამ ზომას წინ უძღოდა კომისიის მიერ გაცემული ზეპირი გაფრთხილება. კომისიამ 21 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოიცავდა „ახალი ამბების პროგრამებში ჟურნალისტებისა და წამყვანების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას წარმოადგენდა. მონიტორინგის ფარგლებში, ასევე გამოვლინდა ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევა“.

კომისიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ ასევე დაარღვია ბალანსის მოთხოვნები 22 აპრილს ეთერში გასულ სიუჟეტში, რომელიც დიუშენის დაავადების მქონე პაციენტების საკითხს შეეხებოდა და რომელშიც „წარმოდგენილი იყო მხოლოდ მშობლების პოზიცია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ალტერნატიული განმარტება ან კომენტარი სიუჟეტში არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად, მაყურებელს არ მიეწოდა საკითხთან დაკავშირებით ყველა საგულისხმო მოსაზრება“.

„გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიმალური – 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

მართალია კომისიას თავის განცხადებაში კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებია, „ფორმულამ“ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ „ტელეკომპანიამ მაგალითად, ფრაზების: „ოცნების სუსი“, „ივანიშვილის ხელისუფლება“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“, „რეჟიმის სასამართლო“ და სხვ გამოყენებით ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა