3 დეკემბერს, აშშ-ის 119-ე კონგრესი განახლებული შემადგენლობით იკრიბება. გასულ თვეში მთავრობის დაფინანსების საკითხზე დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ორივე პალატაზე და თეთრ სახლზე რესპუბლიკური პარტიის კონტროლი რამდემნიმე გამოწვევის წინაშეა.
სენატი იწყებს ახალ სესიას იმ დროს, როდესაც რესპუბლიკელები უმრავლესობაში იქნებიან და სენატორი მიტჩ მაკკონელი, 18 წლის განმავლობაში პირველად, პარტიის ლიდერის პოზიციას ტოვებს. სენატის უმრავლესობის ლიდერად რესპუბლიკელი სენატორი ჯონ თუნი უკვე შეარჩიეს.
რესპუბლიკელებს 53/47 უმრავლესობა ექნებათ. ეს ბევრად ნაკლებია 60 ხმაზე, რაც კანონმდებლობათა უმეტესი ნაწილის დასაწინაურებლადაა აუცილებელი.
წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს მცირე, 219/215 უმრავლესობა აქვთ. ყურადღება ახლა გამახვილებული იქნება სპიკერის არჩევაზე. ახლანდელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის პოზიცია საფრთხეშია გასულ თვეში დემოკრატებთან მიღწეული იმ შეთანხმების გამო, რომლითაც მთავრობის დაფინანსების საკითხი გადაწყდა.
ჯონსონის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი სულ ორი რესპუბლიკელის ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს. მოსალოდნელია, რომ დემოკრატები სპიკერის კანდიდატურად უმცირესობის ლიდერ ჰაკიმ ჯეფრისსაც წამოაყენებენ, მაგრამ სავარაუდოდ, მას რამდენიმე ხმა დააკლდება.
არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ორშაბათს სოციალურ მედიაში ჯონსონს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა. ტრამპის თქმით, ის „კარგი, ბეჯითად მომუშავე რელიგიური ადამიანია“.