09.06.202609.06.2026
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ავალებს, დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის გავლენა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან კონგრესმენები, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია.)
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციირებული კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების სიღრმისეულ შესწავლას და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო სტრატეგიის გადახედვას.
დოკუმენტი აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ორ მთავარ ქმედებას მოითხოვს (კანონის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში):
- სადაზვერვო ანგარიშის მომზადება საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის ქსელების შესახებ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და დაზვერვის ხელმძღვანელებმა კონგრესს უნდა წარუდგინონ საიდუმლო ანგარიში. ანგარიშმა უნდა შეისწავლოს, თუ რამდენად აქვთ საქართველოში ფესვები გადგმული რუსულ და ჩინურ სადაზვერვო ელემენტებს და არსებობს თუ არა ამ ორი ქვეყნის გავლენებისა და ინტერესების გადაკვეთა/თანამშრომლობა ქართულ სივრცეში.
- 2. აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების ახალი, 5-წლიანი სტრატეგიის მომზადება – სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც პირდაპირ იქნება მორგებული საქართველოში არსებულ ამჟამინდელ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. სტრატეგიამ უნდა შეაფასოს, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო აშშ-ის ფინანსური დახმარების მთავარ მიმღებად ევროპისა და ევრაზიის რეგიონში. დოკუმენტმა უნდა გასცეს პასუხი კითხვებს: რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა დასავლეთთან (აშშ-სა და ევროპასთან) სავაჭრო კავშირების გაღრმავების ერთგული და უნდა გააგრძელოს თუ არა ამერიკამ ქართულ პროექტებში ინვესტირება.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონი მიღებულად რომ ჩაითვალოს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
სადაზვერვო ანგარიშის მომზადების ვალდებულება ასევე გათვალისწინებულია აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში. იქაც საჭიროა სენატის მხარდაჭერა. როგორც ცნობილია, ჯო უილსონის ცნობილი კანონი, მეგობარი აქტი, რომელიც “ოცნების” ლიდერების სანქცირების შესაძლებლობას იძლეოდა, სწორედ სენატის ეტაპზე გაიჭედა.

1 week ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·