WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გერმანული ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოში, ქვეყანაში საქმიანობას წყვეტს - მიზეზად იგი საქართველოში შექმნილ „პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოს“ ასახელებს.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაის პირველი კანცლერის, „გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU-ს) დამაარსებლის, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) 1 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ:

KAS-ის ოფისი საქართველოში, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს, 2026 წლის 30 სექტემბრიდან დაიხურა და „დახურვა ნებაყოფლობითი არ ყოფილა“.

ადენაუერის ფონდი 1955 წელს დაარსდა და საერთაშორისო საქმიანობა 1962 წლიდან დაიწყო.

უარი გრანტზე - გერმანიის მთავრობის ჩარევის მიუხედავად

ფონდის განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა „პოლიტიკურმა და სამართლებრივმა ჩარჩომ“ განაპირობა, რის პირობებშიც მას საქართველოში თავისი საქმიანობის გაგრძელება აღარ შეუძლია.

KAS-ის თანახმად, 2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ ფონდის მიერ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარდგენილი პროექტების დაფინანსების განაცხადები არ დააკმაყოფილა.

„ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, ახალი ჩარჩოს პირობებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის შესაქმნელად, წარუმატებელი აღმოჩნდა“, - აცხადებს ფონდი.

KAS-ის შეფასებით, პროექტების დამტკიცება შესაძლებელი ჩანდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ იქნებოდა შესაბამისობაში ფონდის „პოლიტიკურ ხასიათთან და მისიასთან“.

„საქართველოში მხოლოდ ფიზიკური ყოფნა, ჩვენი ძირითადი მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად ადენაუერის ფონდისთვის სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას არ წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რაზე მუშაობდა ფონდი საქართველოში

კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში 2003 წლიდან მუშაობდა.

მისი განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ფონდი ხელს უწყობდა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარების და ევროპული გაგების გაძლიერებას.

KAS-ის საქმიანობა საქართველოში ფინანსდებოდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა (AA) და ევროკავშირის გრანტებით.

მის პარტნიორებს შორის საქართველოში იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ და „ჭავჭავაძის ცენტრი“.

KAS-ი აცხადებს, რომ საქართველოში იურიდიულ პირად რეგისტრაციას შეინარჩუნებს, რათა „პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს“.