კორდონის გავლით შემტენეს მიკროავტობუსში, სადაც გარედან მირტყამდნენ ხელებს, ფეხებს, რამდენჯერმე მომხვდა ხელკეტიც. დასისხლიანებულს გადამიღეს ფოტო, გააგზავნეს რაღაც ჩატში და ჩაიწერეს ჩემი მონაცემები – გიორგი დარბაიძე

2 weeks ago 7

1

გიორგი დარბაიძე სოციალურ ქსელში თავის ისტორიას ყვება:

,,პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას ვინც ჩემი ამბით დაინტერესდა და მომიკითხა, გულში ხართ ყველანი

ეხლა მათთვის ვინც ჯერ კიდევ ამ რეჟიმს ამართლებთ>>>

6-7 -ში საბოლოოდ დავრწმუნდი რომ არანაირი მიზეზი არ სჭირდებათ ვინმეს დასარბევად, საცემად ან დასაკავებლად.
დაკავების დროს სახლში ვბრუნდებოდი, დაახლოებით ღამის პირველი საათისკენ. რესპუბლიკის მოედანზე 2-3 მწკრივად გზა ჰქონდათ გადაკეტილი გდდ-ს თანამშრომლებს (ნიღბიან რობოკოპებს).
გვერდი რომ უნდა ამევლო და მივუახლოვდი[მობილურში ვიყურებოდი და ვერ შევამჩნიე ისე მივუახლოვდი თორემ ასე ლოხივით არ მივადგებოდი], დაახლოებით 5-მდე თანამშრომელი გამოეყო და მკითხეს აქციიდან მოვდიოდი თუ არა. რა თქმა უნდა მოტყუება ვცადე და ვუთხარი რომ არა.
ამის შემდეგ მთხოვეს ტელეფონი ამომეღო და ფოტოები მეჩვენებინა, რაც არ გავაკეთე და რადგან არაფრის თქმას და არც გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა პირდაპირ ვაღიარე რომ აქციიდან მოვდიოდი.
შემდეგ ხუთივემ მომკიდეს ხელი და ცემა-ტყეპით შემიყვანეს პოლიციის კორდონის შიგნით, სადაც ამომაცალეს მობილური და დანარჩენებმაც თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ცემაში.
კორდონის გავლით შემტენეს მიკროავტობუსში, სადაც გარედან მირტყამდნენ ხელებს, ფეხებს, რამდენჯერმე მომხვდა ხელკეტიც.
დასისხლიანებულს გადამიღეს ფოტო, გააგზავნეს რაღაც ჩატში და ჩაიწერეს ჩემი მონაცემები. მე შემეშვნენ მაშინ, როცა შემდეგი მსხვერპლი მოიყვანეს.
სანდრო, 24 წლის ექიმი [საკანშიც ერთად ვიჯექით და გავიცანი], რომელიც აქციაზე ხალხს ეხმარებოდა და დაკავების მომენტში პარკინგზე დაყენებული სკუტერისკენ მიდიოდა ჩაფხუტით ხელში.
ჩემს თვალწინ დასვეს მიკროავტობუსის კართან, გაუკავეს ხელები და სთხოვდნენ თავის აწევას. რამდენჯერაც აწია მუჭი და წიხლები ურტყეს სახეში.
მე გამიმართლა რომ სახის დაფარვა მოვასწარი და სახეში სულ 2-3 მომხვდა, დანარჩენი ძირითადად ზურგის/წელის არეში.
ამის შემდეგ წაგვიყვანეს შსს-ს შემინულ შენობაში. გზაში არავის დაურტყამს, მხოლოდ გაგვაფრთხილეს ზედმეტი არაფერი თქვათო.
მე, როგორც ექსტრემალურ სიტუაციებში უკბილოდ ხუმრობის მოყვარე ადამიანმა, რეზის [პოლიციელი რომელმაც ხელბორკილი დამადო და მთელი დღე იმაზე წუწუნებდა რომ ჩემი სისხლი მოეცხო მის უნიფორმას] ვკითხე კარგად მაინც თუ იხდიან ამას რომ აკეთებთ თქო. მანქანა რომ გაჩერდა, წინიდან გადმოვიდა ნიღბიანი პოლიციელი და ეგ რომელმა იკითხაო გვკითხა. რომ ვუთხარი რომ მე ვიკითხე, მაგ ნაბიჭვარმაც მითავაზა ერთი და წავიდა.

ეხლა რაც შეეხება შიდა ამბებს:

– იზოლატორები მგონი ივსება უკვე, ზაჰესში ადმინისტრაციული პატიმრობისთვის განკუთვნილი საკნის მაგივრად სისხლის სამართლის იზოლატორებში ჩაგვსვეს.

– პოლიციაში თვითონაც ვერ იტანენ გდდ-ს თანამშრომლებს, ამათ შედარებით ადამიანური გრძნობები შერჩენილი აქვთ და არ მოსწონთ ასე რომ უსწორდებიან ხალხს[დიდად არ ნერვიულობენ მაგრამ არ მოსწონთ]

– პოლიციას[მე ვისთანაც მქონდა საუბრის საშუალება] მართლა სჯერა რომ სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, მასობრივი გაფიცვის განწყობა ან რამე მსგავსი არ შემიმჩნევია

დაკავების შემდეგ, ჩემი დაკვირვებით, ყველა ცდილობს მოგელაქუცოს და კარგად მოგეპყრას. გამუდმებით გეუბნებიან რომ სასამართლოზე ბრალი აღიარო და პროცესი არ გააჭიანურო[ამ სიტყვის სწორად წარმოთქმაზე რეზიმ ბევრი იწვალა], რეალურად პროცესებზე სირბილი ეზარებათ და ვითომ შენზე ზრუნავენ.

პოლიციის შენობაში ორ ოფიცერთან[რეზი(ვინც დამაკავა), გიგა] კარგად გავშინაურდით, ვილაპარაკეთ, რაღაცებზე ვიცინეთ. მერე აღმოჩნდა რომ ორივე პოლიციელი[აქედან ერთი-ერთი, გიგა, საერთოდ არ შესწრებია ჩემს დაკავებას] სასამართლოში მოწმედ უნდა იყოს ჩემს წინააღმდეგ. რომ ვუთხარი ვის სჯერა ეხლა მაგის რომ თქვენ იმას მოყვებით რაც რეალურად იყო თქო, მთელ მანქანას გაეცინა, ვიტყვით რომ იარაღით დარბოდი და გვაგინებდიო[ღადაობაში ამყვნენ].
რეზი და გიგა დღეს სანდროს პროცესზე იყვნენ მოწმეებად. თქვეს გვაგინებდა და ფეიერვერკს გვესროდაო, იმავეს იტყვიან 17-ში ჩემს სასამართლოზეც.

რჩევები აქციის მონაწილეებს:

– გდდ-ს მაქსიმალურად მოერიდეთ, ჩვეულებრივი რობოტები არიან და აზრი არ აქვს არაფერს, რაც უნდა უთხრა დაღლამდე გირტყამენ. თუ დაკავებაზეა საქმე, ჯობია პოლიციამ დაგაკავოთ. ასევე გდდ-ს ცემის იდეა[როგორც გავიგე] ისაა რომ უნდა შეგეტყოს ნაცემი რომ ხარ, ანუ სახეში უნდა გირტყან. პოლიციას ეს არ ევალება, ძირითადად ტანის არეში ურტყამენ. სახეში მეტად ურტყამენ მათ, ვინც მარტივად იდენტიფიცირებადია, დანარჩენებს ნაკლებად[ამის მიზეზი არ ვიცი].

– განსაკუთრებით მოერიდეთ მაშინ, როცა გარშემო ჟურნალისტები არ არიან

– თუ სადმე გადაეყარეთ, ტელეფონი დაიკავეთ ისე, ვითომ Facebook-ის ლაივში ხართ. ერთადერთი ლაივის და კამერების ეშინიათ.

– თუ ეტყვით რომ იურისტი ხართ, შეიძლება შედარებით ნაკლები მოგხვდეთ [ერთი ბიჭი მასე გადარჩა 7-ში, ოღონდ ის მართლა იურისტია]

– დაკავებისას/ცემისას წინააღმდეგობა არ გაუწიოთ/არ აგინოთ, უარესს დაგმართებენ და უაზროდ ამოყოფთ საავადმყოფოში თავს.

– დაკავების შემდეგ, პოლიციასთან შინაურული საუბრების დროს მაქსიმალურად დაუკვირდით თქვენს სიტყვებს, ნებისმიერი რამის გამოყენება შეუძლიათ სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ და ჩემი აზრით ეგ ნელთბილი საუბრებიც მაგას ემსახურება რომ რაც შეიძლება მეტი დაფქვა[რაში სჭირდებათ რამე ფაქტები მოსასჯელად მაგრამ მაინც].

ბოდიში ფოტოსთვის.

წარმატებები ჩვენ”

,,ჩაკეცილს ხელები გამიკავეს და სახეში მუშტები და წიხლები მირტყეს, შემდეგ კი სურათები გადამიღეს ადამიანებმა, ვინც ალბათ ახალწელს ჯერ მხოლოდ ჩემს ცემაში პრემიად დარიცხულ 200 ლარად შემწვარ გოჭს მიიტანს” – სანდრო მეტრეველი

სრულად წაკითხვა