რუსეთის კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა, 25 აგვისტოს ღამით რეგიონში, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
მისი თქმით, დრონის ნამსხვრევები აფიპსკის რკინიგზის სადგურზე დაეცა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. სოფელ აფიპსკში მინიმუმ 10 სახლი დაზიანდა, რომელთაგან ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა. გარდა ამისა, კონდრატიევის თქმით, ხანძარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაჩნდა.
ტელეგრამის არხებზე გავრცელებული ინფორმაციით ღამით აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ ავზს ცეცხლი ეკიდა.
ამას გარდა, ტელეგრამის არხი Supernova+ ირწმუნება, რომ დრონებმა როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. თუმცა, რეგიონის გუბერნატორს იური სლიუსარს თავდასხმის შესახებ დილის ანგარიშში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ უხსენებია.
უკრაინულ მხარეს დარტყმების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც ადრეც განხორციელდა თავდასხმა, წელიწადში დაახლოებით 6.25 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების სიმძლავრისაა და ერთ-ერთი მთავარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაა, რომელიც რუსეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საავტომობილო საწვავს და სხვა კომპონენტებს აწარმოებს და რუსეთის არმიის მომარაგებაში მონაწილეობენ.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სხვადასხვა ობიექტი რუსეთის ფედერაციასა და მისი მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში საჰაერო დარტყმების სამიზნე გახდა.
თავდასხმების უმეტესობა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა და განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები „სისტემატურად ახორციელებენ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო პოტენციალის შემცირებას და რუსეთის ფედერაციის იძულებას, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“.
radiotavisupleba ახალი ამბები