რუსეთი ნაადრევად მიიჩნევს კომენტარის გაკეთებას იმ ცნობებზე, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა ომის დასრულების მცდელობების ფარგლებში საჰაერო თავდასხმების შესაძლო შეჩერებას განიხილავენ.
უკრაინულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინელმა და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს საჰაერო ცეცხლის შეწყვეტის წინადადება. მას რუსეთს წარუდგენენ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ახალი ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრით გამოწვეული კონფლიქტის დასრულებას.
წყაროს ცნობით, უკრაინამ წარსულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით მიმართა, რაც უარყოფილ იქნა.
თუმცა, ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ უკრაინის დრონებითა და სარაკეტო დარტყმებით რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლამ შესაძლოა პუტინის პოზიცია შეარბილოს.
„ჩვენ არ ვიცით, რამდენად სანდოა ეს ცნობები ან საიდან მოდის ისინი. ეს გაზეთების ცნობებია და სხვა არაფერი. ამიტომ, ამ ეტაპზე მათზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია“, - Reuters-ს მოჰყავს საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვები.
მან თქვა, რომ რუსეთის რეაქცია ნებისმიერ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, შეესაბამება თუ არა ის მოსკოვის ინტერესებს.
„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ შესაძლოა რამდენიმე ახალი ფორმულა იყოს შესაძლებელი. ჩვენ ჯერ მეტი უნდა გავიგოთ მათ შესახებ“, - თქვა პესკოვმა.
პესკოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვი ინარჩუნებს დიალოგის არხებს აშშ-ის წარმომადგენოებთან.
რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იმედოვნებენ, რომ აშშ-ის წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი ეწვევიან მოსკოვს, როდესაც მათი გრაფიკი საშუალებას მისცემს და რომ დიალოგი ვაშინგტონთან გაგრძელდება.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობები ბოლო თვეებში დიდწილად შეჩერდა, ხოლო დიპლომატიური ყურადღება ასევე გადაიტანა ირანის ომმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ კვირაში ვიტკოფთან და კუშნერთან რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივებზე ისაუბრა და სამშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·