კრემლმა გამოაქვეყნა პუტინის მილოცვის წერილი ტრამპისადმი და აშშ-სადმი

1 hour ago 2

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უცხოეთის სხვა ლიდერებთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიულოცა მისი ქვეყნის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი. მიმართვაში, რომლის ტექსტიც კრემლის საიტზე გამოქვეყნდა, პუტინი ტრამპს შენობითი ფორმით მიმართავს.

"ძვირფასო დონალდ, მიიღე გულწრფელი მოლოცვა (...) შენ, დონალდ და შენს ახლობლებს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს, ხოლო ამერიკის ყველა მოქალაქეს - ბედნიერებასა და აღმავლობას" - ნათქვამია ტექსტში.

"აგენტსტვო. ნოვოსტი" აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კრემლი აქვეყნებს ტრამპისადმი ამგვარ მილოცვას. გამოცემა ასევე წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტისადმი დამოუკიდებლობის დღის მილოცვის გაგზავნის პრაქტიკა კრემლმა მხოლოდ 2025 წელს აღადგინა.

დონალდ ტრამპს არაერთხელ ულაპარაკია პუტინზე დადებით კონტექსტში - რაც, როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, დიდი ხანია იწვევს კრიტიკას და ბრალდებებს, რომ ტრამპი მეტისმეტად რბილია რუსეთთან მიმართებით, მაშინ, როცა რუსეთი მეხუთე წელია აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ. თავად ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტებიდან არც ერთს არ ჰქონია უფრო მკაცრი პოზიცია მოსკოვთან მიმართებით. უკრაინაში რუსეთის შეჭრას ტრამპი უწოდებდა უაზროს და აღნინავდა, რომ კონფლიქტი თავად რუსეთს ანგრევს.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის, 4 ივლისის აღსანიშნავ მილოცვაში პუტინი იხსენებს თანამშრომლობას მსოფლიო ომებში. "ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ კაცობრიობა ნაციზმის კოშმარისგან ... და დღეს რუსეთს და აშშ-ს, როგორც ორ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს, აკისრიათ პასუხისმგებლობა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გლობალური მასშტაბით უზრუნველყოფისთვის" - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში - რომლითაც უარყო მოსკოვის ცნობა, რომ რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში კონსტანტინოვკა დაიკავა - ასევე თქვა, რომ პუტინმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის წინ "გადაწყვიტა ტყუილი ეთქვა მსოფლიოსთვის და ამერიკის პრეზიდენტისთვის, ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ".

ტრამპისადმი და ამერიკელი ხალხისადმი გაგზავნილ მილოცვაში ზელენსკი აღნიშნავს, რომ კიევი "აფასებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას, განსაკუთრებით ახლა, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის დროს". ზელენსკის თქმით, "ამერიკული იარაღი, 'ჯაველინებიდან' - რომელთა უკრაინისთვის გადაცემაც პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა - 'პატრიოტებამდე' ... აჩვენებს ამერიკული სულის, ამერიკული მიზანსწრაფულობის, ამერიკული ტექნოლოგიების ძალას".

2025 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის დაბრუნების შემდეგ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტი გახდა უფრო აქტიური, ვიდრე ექს-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს. ვაშინგტონმა შუამავლის ძალისხმევა იკისრა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საქმეში.

სრულად წაკითხვა