კრიზისის გაღრმავების ფონზე, რუსეთი სოხუმისგან ელექტროენერგიის სანაცვლოდ დათმობებს ითხოვს

15 hours ago 2

25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აფხაზეთმაც უნდა „გაიაროს გზის თავისი ნაწილი“ და ხელი მოაწეროს რუსეთთან შეთანხმებებს მოსკოვის იმ კეთილგანწყობის საპასუხოდ, რომლის ფარგლებშიც 23 დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე კრიზისში მყოფ რეგიონს ელექტროენერგია მიეწოდება. ზახაროვას თქმით, კრემლი მოეელის, რომ მომავალ არჩევნებზე მისი სასურველი კანდიდატი იქნება არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტად.

ოკუპირებული რეგიონი ელექტროენერგიას უფასოდ ენგურჰესიდან იღებს, რომელსაც თბილისი და სოხუმი ერთობლივად მართავენ. თუმცა, უფასო ელექტროენერგია კრიპტოვალუტის გამომუშავებას ხმარდება, რაც ენგურჰესის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების კლების შედეგად რეგიონს კრიზისს უქმნის. 11 დეკემბერს ენგურჰესი წყლის კრიტიკულად დაბალი დონის გამო დაიხურა და მას შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობა დღის განმავლობაში ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. სოხუმის ხელმძღვანელობამ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა და მიიღო დასტური, რომ მიწოდება 23 დეკემბერს დაიწყება.

რეგიონმა რუსული დახმარება კრიტიკულ მომენტში მიიღო. ოკუპირებულ რეგიონში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ნოემბერში დაიწყო სადავო საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც რუსული „ინვესტიციების“, ასევე მიწისა და ქონების საკუთრების დაკანონებას ითვალისწინებს. საპროტესტო გამოსვლების შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა, ხოლო 15 თებერვალს ვადამდელი არჩევნები ჩაინიშნა.

ზახაროვამ ელექტროენერგიის მიწოდებას „ჰუმანიტარული ჟესტი“ უწოდა, თუმცა იქვე მიანიშნა, რომ მოსკოვი საპასუხო ნაბიჯს ელის. „აშკარაა, რომ სამოკავშირეო ურთიერთობები ორმხრივი ვალდებულებების ბალანსს გულისხმობს. ვვარაუდობთ, რომ სოხუმიც „გაივლის გზის თავის ნაწილს“ ორმხრივი დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც ეხება კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და ა.შ.“, – განაცხადა ზახაროვამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ 15 თებერვლის არჩევნების შედეგად „აირჩევა ლიდერი, რომელიც გააგრძელებს რუსეთთან მჭიდროდ მუშაობას აფხაზეთისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე“.

ენერგოკრიზისი აფხაზეთში

11 დეკემბრიდან აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგია მოსკოვის დროით 21:00-დან 07:00 საათამდე მიეწოდება. დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ამიტომ საზოგადოებრივი და კომერციული ობიექტები, რომელთაც ამის საშუალება ჰქონდათ, გენერატორებზე გადაერთვნენ.  

„ელექტროენერგიის გათიშვა 9-11 საათის განმავლობაში განაჩენია ჯანდაცვისა და განათლების სისტემისთვის. ის საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების, მოხუცების და სოციალურად დაუცველთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აფხაზეთი შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს“, – წერს დე ფაქტო ლიდერის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა მოსკოვისადმი მიმართვაში.

შიდა დაპირისპირება კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ტრაგედიაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში დაწყებული დაპირისპირება შენობის გარეთ სროლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა.

ადგილობრივ ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ დაევალა, რომ თბილისს ზამთრის თვეებში მიწოდების გაზრდის თხოვნით მიმართოს. ჯანსუღ ნანბამ, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრმა, განაცხადა, რომ თბილისმა ოქტომბერში რუსეთიდან 77 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა. „ამ ელექტროენერგიაში ჩვენ ერთი რუბლიც კი არ გადაგვიხდია”, – თქვა ნანბამ.

„ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორის, ტიმურ ჯინჯოლიას თქმით, რუსეთიდან ახალი „ჰუმანიტარული“ მიწოდება 327 კვტ/სთ იქნება და მარტამდე გაგრძელდება. მან ასევე განაცხადა, რომ ოთხსაათიანი დღის გამორთვები ხელს უწყობს დღეში დაახლოებით 1 მილიონი კვტ/სთ დაზოგვას. მან ხაზი გაუსვა უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას და მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

იმავდროულად, “მთავრობის” მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ბგანბამ დაადასტურა განზრახვა კრიპტომაინინგის სრული აკრძალვის დაწესების თაობაზე. მისი თქმით, რუსული მიწოდებით გამოთავისუფლებული თანხები საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების გადახდას მოხმარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა